“ხელი მიკანკალებდა, როცა საზმაუს ბიუჯეტს ვიღებდით, 50 მილიონი 1,5%-იან რეიტინგში არ უნდა გადაიხადო”- კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გააკრიტიკა.

„ვეტოში საუბარია იმაზე, არ მოსწონთ, მაგრამ რატომ არ მოსწონთ, რა არ მოსწონთ, ესეც კი არ არის გაშლილი და რატომ არ მოსწონთ, ეს საერთოდ არ არის დასაბუთებული. ჩვენ გვინდა არგუმენტი იმისთვის, რომ პოზიცია შევიცვალოთ. ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როცა ბიუჯეტს ვიღებდით. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ ვიხდიდით 40 მილიონს, მერე 50 მილიონს 1.5% რეიტინგში. ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ რაღაც რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ერთი რადიკალური გადაწყვეტილებაა, რომ თეორიულად უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, არ სჭირდება ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ, რომ 50 მილიონი პროცენტ-ნახევარში არ უნდა გადაიხადო, ან ეს პროცენტ-ნახევარი, რაშიც 50 მილიონს ვიხდით, უნდა გავხადოთ 5%-6%-7%, რამდენიც გამოვა მე მესმის, რომ 40% ვერ გახდება ვერასდროს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი, გასაგებ მიზეზთა გამო, იმიტომ, რომ მას სხვა ფუნქცია აქვს და კერძო მაუწყებელს სხვა, მაგრამ 50 მილიონი 1,5%-ში რომ არ უნდა გადაიხადო, ჩემთვის ეს არის აქსიომა.არ უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო მაუწყებელობის კონკურენტი თვისებრივი ხარისხით, მაგრამ ის უნდა იყოს გარკვეული სახით მონაწილე ამ კონკურენციით რაციონალურ ფარგლებში და მას უნდა ჰქონდეს რაციონალური რეიტინგი. ამ ვითარებაში იცვლება მენეჯმენტი საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ამბიციური გეგმები და მიზნები და მთავარი გეგმა და მიზანი არის ის, რომ 1,5 % გახდეს ვთქვათ 7 %“- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივაზე უარის თქმისთვის მყარი არგუმენტებია საჭირო

„ისინი გვეუბნებიან, რომ ამ გეგმის განხორციელებას სჭირდება შიდა რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. გარდა ამისა, მას ესაჭიროება საკანონმდებლო ცვლილება. ანუ, ისინი მოდიან კონკრეტული გეგმით და გვეუბნებიან, რომ თუ 1,5 % გინდათ რომ გაიზარდოს, მაშინ ამის საშუალება მოგვეცით. ჩვენ ამათ არგუმენტი უნდა დავუპირისპიროთ, რომ ეს არ გავაკეთოთ. ამის გამო გვჭირდება ჩვენ მყარი არგუმენტები, რათა უარი ვთქვათ იმ ინიციატივაზე, რომელიც წარმოდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოების ნაწილი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობა შეეფარდა (+ვიდეო)