საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, ლეილა ცომაიას თავს დაესხნენ. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
დაზარალებული აცხადებს, რომ მეზობელი მას პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუსწორდა. მისი თქმით, თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
ირკვევა, რომ დაპირისპირება მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და მოგვიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. დაზარალებული ყვება, რომ მეზობელი სისტემატურად უზიანებს სადარბაზოში განთავსებულ ელექტროტექნიკას, რამაც მათ შორის არაერთი კონფლიქტი გამოიწვია.
ლეილა ცომაიას განმარტებით, მას თავის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება და დაზიანებული აქვს ხელიც. ის ვარაუდობს, რომ მის მეზობელს, მაია ნოზაძეს მაღალჩინოსნები მფარველობენ:
„ჩემს კუთვნილ ფართში განთავსებულ სარეცხ მანქანას სისტემატურად მიზიანებს. როდესაც შევესწარი, რომ ხელოსანი მოიყვანა მის დასაშლელად, ვიდეოს გადაღება დავიწყე. ამის გამო ხელი ჩამავლო, მყესები დამიზიანა, რომ მობილური გამოეგლიჯა და თავშიც ჩამარტყა. პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, ხოლო განყოფილებაში ჩემი მისვლისას პოლიციის უფროსი და თანამშრომლები დაიმალნენ,“ — აცხადებს ცომაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.















