ხელახალი კენჭისყრა ზუგდიდსა და მარნეულში – ცესკო ბოლო განმარტებებს აკეთებს

დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში საპარლამენტო არჩევნები ხვალ გაიმართება. საქმე ეხება ზუგდიდის და მარნეულის რამდენიმე უბანს. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა მარნეულში ერთ, ზუგდიდში კი სამ უბანში გაიმართება.

პროცესი მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის ტარდება. პროცედურებთან დაკავშირებული განმარტებები დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაკეთდა.

პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განცხადა, რომ განმეორებითი კენჭისყრისთვის სამზადისი უკვე დასრულებულია.

საარჩევნო უბნები კანონის მიხედვით, დილის 8 საათზე გაიხსნება.

სოფელ განმუხურსა და ზუგდიდში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატები უპირისპირდებიან.

კერძოდ ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი და ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებენ. რაც შეეხება მარნეულს, ერთმანეთს აჰმედ იმმაყულიევი და თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდებიან.

„განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება ოთხ საარჩევნო უბანზე. ზუგდიდში ორ სოფელში ტარდება არჩევნები, ერთი არის განმუხურის სოფელი, სადაც არის ერთ საარჩევნო უბანი, ხოლო ორი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ჯიხაშკარში. რაც შეეხება მარნეულს, იქ ერთი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ყიზილაჯლოში, ეს არის 48-ე საარჩევნო უბანი, სადაც ის ცნობილი პროცესები განვითარდა,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ განმეორებით კენჭისყრაზე მიღებული შედეგებით შესაძლებელი იქნება, რომ პირველივე ტურში გამოვლინდეს, არჩევნებში გამარჯვებული მეორე ტური ზემოაღნიშნულ უბნებში აღარ გაიმართება.

ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანზე გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ასევე, გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებითაც. აქაც ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრს მოუწოდებს არ გადახედოს გადაწყვეტილებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ
შემდეგი სტატიასახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს