ხე-ტყის უკანონო მოპოვების საქმეზე დაკავებულ ზაქარია ქინქლაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროს ზაქარია ქინქლაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

დაკავებულის ადვოკატი ავთანდილ ზუბაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს შეხვდება და ბრალის წარდგენის შემდეგ, საქმის მასალებს გაეცნობა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ზაქარია ქინქლაძის წინააღმდეგ პროვოკაცია და დანაშაულის პროვოცირება განხორციელდა. ამის არგუმენტად ზუბაშვილი ქინქლაძესა და სამმართველოს ახალ ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებას და მათი მხრიდან ქინქლაძეზე სისტემატურ დევნას ასახელებს.

„მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერთიანდა და კახეთის სამმართველოში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ზაქარია ქინქლაძე სისტემატურ დევნას განიცდიდა. სამსახურში დაძაბული სიტუაცია ჰქონდა. ხან გაფრთხილება, ხან საყვედური მისცეს, მერე გათავისუფლების შესახებ განცხადება დააწერინეს და ჩვენი რჩევით უკან წამოიღო, საბოლოოდ კი საქმე აქამდე მივიდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გუშინ სამუშაო ოთახში დააკავა. ამავე საქმეზე, ქრთამის მიცემის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული.

გუშინ ყველა დაკავებულის საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, ბრალს მათაც სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, სოფო კილაძის გადადგომას ითხოვენ
შემდეგი სტატიამოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ხარვეზიანი პროცესი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ბესელიას ინიციატივას ეთანხმებიან