„ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით თუ მოლაპარაკებები არ შედგება, არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით შესაძლოა მოლაპარაკებები შედგეს და საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს, ხოლო თუ მოლაპარაკებები არ შედგება, ქართული მხარე არბიტრაჟისთვისაც მზად არის.

„შეტყობინება მივიღეთ არბიტრაჟთან დაკავშირებით. ჩვენ ვამზადებთ დოკუმენტაციას, მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენ პოზიციებს, მაგრამ საქმე შეძლება დავამდეც არ მივიდეს, შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები. ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. თუ მოლაპარაკებები არ შედგება, ჩვენ არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ“,- განაცხადა კალაძემ.

ყაზახი ინვესტორები საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივიან. სარჩელის თანხა 180 მილიონი დოლარია. საქმე ეხება საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ყაზახურ მხარეს გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მართვის უფლება ჩამოერთვა და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი სემეკ-ის მიერ დანიშნულ დროებით მმართველს გადაეცა.

ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ კომპანიას ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა და კომპანიის გადახდისუნარიანობა საფრთხის ქვეშ დადგა. 8 წლის განმავლობაში, ყაზახური მხარე კომპანიის მართვაში დაბრუნებას ითხოვდა. არაერთი შეხვედრა შედგა ენერგეტიკის მინისტრთან, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიჩხვირკიას და ღოღობერიძის ადვოკატები დღეს ბათუმის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ
შემდეგი სტატია“სესიაშვილი ან მისი შვილი სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებენ”- მამუკა მდინარაძე