ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია – დავით დონდუა სახდეპის შეფასებაზე

მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დეტალურად არის ასახული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა, – ამის შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტში დეტალურადაა ასახული ის მძიმე მდგომარეობა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზეა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებობს. კერძოდ, ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – ოკუპაცია და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ათასობით ჯარისკაცისა და მესაზღვრის უკანონო ყოფნა. ასევე აღნიშნულია, რომ 300 000 იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე და უხეშად ირღვევა მათი საკუთრების უფლება“, – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ამასთან, მისი თქმით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლება და შედეგად, სასოფლო სამეურნეო მიწებზე, წყლის მიწოდებასა და სასაფლაოებზე წვდომის შეზღუდვა.

ამასთან, დონდუას განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, მათ შორის, საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

„ხაზგასმულია, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ კიდევ უფრო დაამძიმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობის მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ეხება გალის მოსახლეობას, საიდანაც ბავშვები ქართულ სკოლებში განათლების მისაღებად ყოველდღიურად კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს. აღნიშნულია, რომ ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც. ანგარიში საუბრობს მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგებზე აფხაზეთის რეგიონში იმ პირობებში, როცა გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის პედაგოგებმა თუ მოსწავლეებმა არ იციან რუსული ენა. ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია გალის რაიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულია, რომ ე.წ. დოკუმენტების მხრივ არსებული გაურკვეველი ვითარება აისახება გალის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დამატებით შეზღუდვაზე; ყურადღება ეთმობა ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობას. აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა საქმის მსვლელობა. ხაზგასმულია, რომ საქართველოს ძალისხმევის შედეგად მკვლელი იმყოფება ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაზე“, – განაცხადა დონდუამ.

მისი თქმით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის 2016 და 2017 წელს გამართული არჩევნები, არჩევნების პირობებში არსებული თავისუფალი მედიაგარემო და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ანგარიშში ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია ციხეებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც განპირობებულია, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ღონისძიებებით.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტრადიციულად, სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს ხარვეზებზეც, რომელთა აღმოფხვრაც დამატებითი ძალისხმევას მოითხოვს.

„ანგარიშში ასევე ტრადიციულად მოყვანილია, ოპონენტების მოსაზრებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილია სწორედ, როგორც ოპონენტთა მოსაზრება და არა სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში ანგარიში, რომელიც საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, საქართველოში ადამინების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გარემოსთან მიმართებით, პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს“, – განაცხადა დავით დონდუამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც დემოკრატიის, ადამიანიასა და მშრომელთა უფლებების შემსწავლელმა ბიურომ მოამზადა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლმებზე, მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლმებზე
შემდეგი სტატიაამაზე კრიტიკული მე ვერ წამომიდგენია როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება