ყაზბეგის N 22-ში ხეების მოჭრის პროცესი შეჩერდა

თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ყაზბეგის N22-ში ხეების მოჭრის პროცესი შეჩერებულია.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ვინაიდან, მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა, მიიღეს გადაწყვეტილება საქმის მასალების საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნის თაობაზე.

“ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ ნებართვას გაიცა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე.

“ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ შპს “ორბი ჯგუფი თბილისი”-სთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნდეს 18 ძირი საღი კვიპაროზი, 5 ძირი ხე კი აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით გადაირგოს მიმდებარედ, ისე, რომ არ დაირღვეს მათი სასიცოცხლო ფუნქცია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნის თანახმად, ყაზბეგის N22-ში 68 ხიდან 45 ხე ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადია, სწორედ აღნიშნული დასკვნის მიხედვით მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა ნებართვა 45 ხის მოჭრის თაობაზე”,-ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი პროექტის მშენებლობას, თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია 150 მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა და ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება.

“უნდა აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელებაა, შესაბამისად, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, თბილისის მერია ახლაც და მომავალშიც ხელს შეუწყობს ურბანიზაციას, ქალაქის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

თბილისის მერია საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულად ყაზბეგის N22-ში და სხვა მსგავსი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

მოსახლეობას შევახსენებთ, რომ ახალი გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, რომელიც არის ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროექტი და რომელშიც 200-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და მოწვეული ექსპერტია ჩართული, მერიამ შეაჩერა ე.წ. კ-2 კოეფიციენტით – ანუ მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი თბილისის ცენტრში.იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების აქტიურობა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისა და ქალაქის მომავალი განვითარებისთვის სასიკეთო შედეგებზე იქნება ორიენტირებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
შემდეგი სტატიაბურჭულაძის პარტია ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა დატოვა