ხაზარაძე: შევთანხმდით, რომ იქნება შეუპოვარი ბრძოლა კონსტიტუციის ფარგლებში, ამ ქვეყანას ვერ გავატანთ მოძალადე ხელისუფლებას

შევთანხმდით, რომ იქნება შეუპოვარი ბრძოლა კონსტიტუციის ფარგლებში, ამ ქვეყანას ვერ გავატანთ მოძალადე ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებშია.

„გადაწყვეტილება არის ერთი, როგორც არასდროს. სხვადასხვა ორიენტაციის, პროგრამის და იდეოლოგიის პარტიები არიან ერთიანი იმ პოზიციაში, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ვერ გავატანთ ამ მოძალადე ხელისუფლებას და ოლიგარქიას. აქედან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ იქნება შეუპოვარი ბრძოლა ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდით და კონსტიტუციის ფარგლებში, რომ დავიცვათ დემოკრატია და ეს ხელისუფლება გავისტუმროთ. ჩვენი ქვეყნის განვითარება თუ გვინდა, გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნებში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში. სასწრაფოდ მოვუწოდებ ყველას, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, უცხოელ დიპლომატებს, სამოქალაქო სექტორს.

ეს არ არის ემოციური ნათქვამი ჩემი მხრიდან, ეს თემა ეხება ჩვენო ქვეყნის ხვალინდელ დღეს – ამ ქვეყანაში ან იქნება დემოკრატია და თავისუფლება ჩვენი შვილებისთვის, ან ჩვენი ქვეყანა გახდება რუსეთის გუბერნია. კონკრეტული მოთხოვნები არის, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას კომუნიკაცია აქვს დიპლომატებთან და დღის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს.

„უკვე არის კონტაქტი ჩვენს უცხოელ მეგობრებთან. ხედავთ, რომ

ყოველ წამს შემოდის ინფორმაცია და განცხადებები ჩვენი მეგობარი ელჩების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან. რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში ეს საკმაოდ დიდ მასშტაბს მიიღებს. აქ არ არის რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ან მის ლიდერზე საუბარი, აქ არის საუბარი როგორ განვითარდება ქვეყანა. დიპლომატებთან უკვე ვართ კონკრეტულ დიალოგში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: სახალხო დამცველს არ ეკადრება ასეთი პოპულისტური განცხადებები
შემდეგი სტატიანიკა მელიას დაკავების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ