ხაზარაძე: შეიძლება დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად მე, ვერ ვხედავ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება

ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად მე, ვერ ვხედავ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ განუცხადა, როდესაც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

“ნათელია, ყველამ დაინახა, რომ დასკვნა დიდი ხნის წინ არის დაწერილი და საერთოდ არ აინტერესებდათ არც ის დამაზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ძალიან დეტალურად გავიარე .

დღეს დაიკითხა ამ საქმის ორი მთავარი მოქმედი პირი, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. კიდევ ერთხელ ახსნეს დეტალურად ყველაფერი და უცებ დავინახეთ, რომ 30-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მზად არის. ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას, რაც იყო მოსალოდნელი საერთოდ არ აინტერესებს, სიმართლის დადგენა. წინასწარ არის გამოტანილი განაჩენი, ეს არის ტიპიური საბჭოური პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილის მართული პროკურატურა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს, მიაქანებს კი არა, უკვე ღრმად ვართ შესული დეპოში. ამიტომ, პროტესტის ნიშნად დავტოვე პროცესი. ამ პროცესს საქმე არ აქვს არანაირ სამართალთან და სამართლიანობასთან. საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი არგუმენტები, რომელიც მთელმა საზოგადოებამ დაინახა ვინც არის იურისტი და ვინც არ არის. ყველამ დაინახა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გარდა, არ ჰყავს მომჩივანი, არანაირი ფულის მითვისება არ ყოფილა და რაც მთავარია არანაირი “ფულის გათეთრება” არ ყოფილა, იმიტომ, რომ თანხა “თიბისი ბანკის” ფილიაშიც კი არ წასულა, ბანკის სათაო ოფისის შენობაც კი არ დაუტოვებია და ანგარიშები. ყველას მინდა მოგმართოთ, აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ სასამართლოში სამი წელია დავდივართ, თუ არ გვინდა, რომ ასეთ საქართველოში ვიცხოვროთ, მაშინ ასეთი სასამართლო და ასეთი პროკურატურა არ უნდა გვქონდეს. თუ გვინდა, რომ ჭაობში ვიყოთ მერე ვიღაცას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რატომ არის ქვეყანა გაჭირვებული, გაღატაკებული და რატომ ტოვებენ ჩვენი მოქალაქეები ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ სამართალი სადაც არ არის იქ არ არის ინვესტიცია.

ინვესტიცია სადაც არ არის, იქ არ არის სამუშაო ადგილი. ამიტომ, რა მოლოდინი მაქვს? ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად მე, ვერ ვხედავ, მაგრამ ვიმეორებ, ბრძოლა გაგრძელდება. ამ სისტემის დემონტაჟი თუ არ გავაკეთეთ და რაღაც ახალი არ დავიწყეთ ამ ქვეყანაში, არაფერი გამოვა. ახლის დაწყება, პირველ რიგში, სამართლიანობის დადგენა და ისეთი ინსტიტუციების შექმნაა, სადაც მოქალაქეს და რიგით ადამიანს ექნება განცდა, რომ მას არ დაჩაგრავს სახელმწიფო მანქანა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

წინა სტატიაშივოლსკი: ლაქა, რომელიც “ნაცმოძრაობამ” დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას სისხლისფერი აქვს, ესაა რეალობა
შემდეგი სტატიამიუსაფარი ცხოველების საკითხზე 2022 წლიდან საკანონმდებლო ბაზის მოსაწესრიგებლად მუშაობა დაიწყება