ხაზარაძე – ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, რომლის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები

ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, რომლის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან პროტესტს, ვიდრე ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები.

„ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, პანდემიურ კრიზისში, უიმედობაში. მთავრობა არის აბსოლუტურად უსუსური და ქვეყანაში სუფევს სრული უსამართლობა. გუშინდელი განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ არც სასამართლო გვყავს, არც პროკურატურა და არც მართლმსაჯულება. ამიტომ, მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, რომლის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს კონსტიტუციურ ფარგლებში იქამდე, ვიდრე ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს იქნება ათვლის წერტილი, საიდანაც დაიწყება სერიოზული რეფორმები, სასამართლო, ეკონომიკური რეფორმები და ქვეყნის წინსვლა. აუცილებელი მოთხოვნაა, ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმის შეწყვეტა. ხალხის ხმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ქვეყანა ხალხს ეკუთვნის და არა მოკალათებულ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ვიღაცამ აჩუქა ეს ადგილები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, დიალოგის გამართვა არჩევნების დასრულების პირველივე დღიდან ოპოზიციის მოწოდება იყო.

„დიალოგის მოწოდება არის ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან, როდესაც არჩევნები დამთავრდა. ოთხი რაუნდი გაიმართა, მეხუთე რაუნდი კი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩააგდეს თავიანთი ქმედებებით. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, რადგან საქმე არ ეხება პარტიებსა ან ძალაუფლების შორის ბრძოლას, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, ამიტომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხიდების აშენებას, დიალოგს და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას. საერთო მიზანი კიდევ არის ის, რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ ჭაობიდან, ვინც არ უნდა იყოს, ოცნების მხარე თუ ოპოზიციის, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ. ყველამ უნდა ვნახოთ ძალა, შევთანხმდეთ ევროატლანტიკურ სივრცეში სასწრაფო გაერთიანებაზე, ევროპულ კურსზე და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ამ ძალიან სერიოზული, სახიფათო მდგომარეობიდან გამოყვანაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – ვინც გრძნობს, რომ ქვეყანა უფსკრულის პირასაა დღეს ფილარმონიასთან შეიკრიბება
შემდეგი სტატიაშსს – ოპოზიციური პარტიების აქცია-მსვლელობის გამო, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია