ხაზარაძე – „ქართული ოცნება“ რუსულ პოლიტიკას ატარებს

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელი განცხადებებით ძალადობა წაახალისა.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ პოლიტიკას ატარებს.

„გუშინ მოხდა ძალადობის აქტი, შეიძლება ითქვას, რომ მოხდა სპეცოპერაცია. ადამიანები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ სპეცსაშუალებებით, რაციებით და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, წაახალისა ძალადობა, ეს ძალადობა მიმართული იყო კონკრეტულად ჟურნალისტების მიმართ, კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როცა 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა გუშინ. არ მახსენდება, რომ მსგავსი რაოდენობის ჟურნალისტები ომში დაშავებულიყვნენ, როდესაც საქართველოს მსგავსი გამოწვევები ჰქონდა. კიდევ ვიმეორებ, ეს არის დაუშვებელი. ამ ქვეყანაში ძალადობა არის აღსაკვეთი. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოტივით არის ეს განხორციელებული. ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რუსული პოლიტიკაა, ეს არის ქვეყნის ჩიხში შეყვანა, კიდევ უფრო გაღრმავება უიმედობისა და ნიჰილიზმის, მცდელობა იმისა, რომ თავისუფალი სიტყვა, ჟურნალისტიკა, მედია, „მეოთხე ხელისუფლება“, მოგვწონს კრიტიკული კითხვები თუ არ მოგვწონს, ჩახშული იყოს. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ახლავე ვუცხადებ ჩემს პირად სოლიდარობას ყველა ჟურნალისტს, ყველა თავისუფალი მედიის წრამომადგენელს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყანაში ცივილური, დემოკრატიული აზროვნება და კანონზე მორჩილება“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ის გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებმა საზოგადოერივი წესრიგის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

„ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, კერძოდ, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ გუშინ ნახეთ ქუჩაში პოლიციელების უპრეცედენტოდ მცირე რაოდენობა, თუ გაიხსენებთ კადრებს, რა ხდებოდა „ნამახვანჰესზე“, რამდენი პოლიციელი იყო ჩაყენებული, ან გაიხსენებთ ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას, რამდენი ათასი პოლიციელი მივიდა, გუშინ აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტები, ახალგაზრდა ბავშვები აღმოჩნდნენ აბსოლუტურად დაუცველები მოძალადეების წინაშე“,-განაცხადა ხაზარაძემ

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – სამარცხვინო იყო, რაც გუშინ ვიხილეთ, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო ” დღეს პარლამენტთან დაანონსებულ მდუმარე აქციას უერთდება