ხაზარაძე – ნათელია, რომ საქმე “შეგვიკერეს”

ძალიან ნათელია, რომ საქმე “შეგვიკერეს”, პოლიტიკურად არის მოტივირებული და ემსახურება ჩვენს დისკრედიტაციას, რაც არ გამოუვიდათ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მისი ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს.

ხაზარაძის განცხადებით, სასამართლო საქმეების ინტენსიური ჩანიშვნა მათთვის წინასაარჩევნოდ ხელის შეშლას ემსახურება. ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, დაკითხული 50-ზე მეტი მოწმის ჩვენება მათ სასარგებლოდ იყო.

,,ორი წელია რაც ჩვენ ვართ მონაწილე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში, რომლის აბსურდულობა დაამტკიცა ყველა საერთაშორისო ექსპერტმა და ორგანიზაციამ. ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რაც არამხოლოდ ამ საქმეს ეხება. სახელმწიფო იმართება არაკომპეტენტურად, სამწუხაროდ გავხდით სტატისტიკის აღმრიცხველები, გვეღუპებიან ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, რასაც მხოლოდ ციფრებში გამოვხატავთ. ეს არის კატასტროფა იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფომ აიღო მილიარდობით თანხა პანდემიის მართვისთვის და წელს შემოგვაქვს ჟანგბადის ბალონები სხვა ქვეყნიდან. ეს პატარა მაგალითი არის საკმარისი იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ სასწრაფოდ ჩამოშორდეს ხელისუფლებას, 2 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული თარიღი, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი – ევროპული განვითარება, სამართლიანი სასამართლო და პროკურატურა თუ ის ჭაობი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ბოტმა“ პრემიერმა აღმოგვაჩინა ყველანი.

ყველა ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგეგმება სასამართლო, პროკურატურა დიდი ხანია ჩიხშია შესული, ისინი არ ემსახურებიან კანონს და ემსახურებიან ერთ ადამიანს. ბუნებრივია, საქმეების ინტენსიური ჩანიშვნა ემსახურება, რომ ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ არ გამოუვათ. ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ არც ამ უსამართლო სასამართლოს დავემალებით და გავაგრძელებთ ამას, რომ მთლიანი ლუსტრაცია გავაკეთოთ იმ მახინჯი სისტემის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა.

საერთოდ არ მაინტერესებს ეს მოწმეები და არც დავინტერესებულვარ. დაკითხული 50-ზე მეტი მოწმის ჩვენება იყო ჩვენს სასარგებლოდ. ძალიან ნათელია, რომ ეს საქმე “შეგვიკერეს”, პოლიტიკურად არის მოტივირებული და ემსახურება ჩვენს დისკრედიტაციას, რაც არ გამოუვიდათ. ამიტომ, მათი ტაქტიკაა, რომ ხშირად წაიღონ ჩვენი დრო და ჩამოგვაშორონ ძირითად საქმეს, რასაც ვემსახურებით“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაწყდება
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ესაა პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი სხდომა შალვა თადუმაძის თაოსნობით