ხაზარაძე – მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში

მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არანაირ ე.წ. ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და წაყენებული ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს.

„სამი წლის განმავლობაში რაღაც ისეთი ფაილი ხომ უნდა აღმოჩენილიყო, რითაც დასტურდება, რომ მე და ბადრი ვიღაცას შევხვდით, რომ ვიღაცას თვალი ჩავუპაჭუნეთ. როცა 12- წლიან პატიმრობაში გვიშვებთ, ამისთვის რაღაც ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს?!

მაინტერესებს ვინ იჩივლა ჩვენს წინააღმდეგ, ვინ არის დაზარალებული. ეს ორი ვიღაც მაპოვნინეთ ვინც იტყვის, ბატონო პროკურორო, 2008 წელს ჩვენ ამ ქმედებით დავზარალდით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მათთვის ე.წ. ფულის გათეთრების ბრალის წაყენება, ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ემსახურებოდა.

“სამწუხაროდ, ამ ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ამ მიზანს მიაღწია…ჩვენ არ გავხდით ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებული ბიზნესმენები. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რაც ემსახურებოდა ჩვენს დისკრედიტაციას და რასაც ვერ მიაღწიეს. ეს არის პირდაპირ სილის გაწნა პროკურატურისთვის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე არის პრეცედენტული.

“ეს არის პრეცედენტი და იცით რატომ? თუ ჩვენ უსამართლოდ მოგვერივნენ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ერთი უფროსი, რომელიც წერს და ასრულებს კანონებს. ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი გადამხდელები ამ ქვეყანაში, რომლისგან ეს პროკურორები ხელფასს იღებენ”, – აცხადებს ხაზარაძე.

გარდა ამისა, მან დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ. მუქარის წერილზე, რომელიც მისივე განმარტებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმდროინდელი შს მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წერილის შინაარსი სხვა მოთხოვნებთან ერთად, მათ შორის ეხებოდა “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნას.

“თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, საერთაშორისო დონეზე ვიქნებოდით შევიწროებული. ეს შეეხებოდა ჩვენს რეპუტაციას და იყო სერიოზული მუქარები, ბუნებრივია ეს არ შევასრულეთ. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ. როგორც კი ნახეს, რომ ჩვენ არანაირი ქმედება არ განვახორციელეთ და ვერც განვახორციელებდით, რადგან ამ ტელევიზიაში ( ტვ პირველი) არც მფლობელობა გვქონია და არც არანაირი ბერკეტი. ამის მერე მე და ბადრი ჯაფარიძე 2018 წელს დეკემბერში პროკურატურაში მოწმის სახით დაგვიბარეს დაკითხვაზე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხელ ახალგაზრდებს სტუდენტის შეწყვეტილი სტატუსი აღუდგებათ
შემდეგი სტატიათავდაცვის უწყება ევროკავშირის საბჭოსგან სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობის სახით 12.75 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს მიიღებს