ხაზარაძე – კობა გვენეტაძე არის ბიძინა ივანიშვილის დამქაში

კობა გვენეტაძე არის ბიძინა ივანიშვილის დამქაში, არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, პოლიტიკურად მოტივირებულია და დღესაც ვხედავთ იმის შედეგებს, რა საქმიანობასაც ის ეწევა,- ამის შესახებ „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომიტეტის სხდომაზე, სადაც გვენეტაძეს უსმენენ, მათ შეგნებულად არ სურდათ „თიბისის“ საქმეზე თემის წამოწევა, რათა ვინმეს არ დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ კრიტიკულ კითხვებს სვამენ იმის გამო, რომ რაღაც ეწყინათ.

„თუმცა, მან წამომაძახა რაღაცა ტრანზაქცია და მე მას ვუპასუხე, რომ მისივე ეროვნული ბანკის სპეციალური დეპარტამენტი არსებობს ფულის გათეთრების, რომელიც ყოველწლიურად ატარებს გამოკვლევას ყველა ბანკში, მათ შორის, „თიბისიში“ ჩატარებული აქვს ყველა წელს. ეს ადამიანები, შემმოწმებლები იყვნენ დაბარებულები სასამართლოში და პროკურატურის კითხვებზე – აღმოაჩინეს თუ არა რაიმე საეჭვო ტრანზაქცია ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომელიც შეიძლება იყოს ან მითვისება ან ფულის გათეთრება, პასუხი იყო – არა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებული იყო, რომ ფულის გათეთრების დეპარატმენტის დასკვნები გაესაჯაროებინა და ეთქვა, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ ყოფილა, მაგრამ კობა გვენეტაძე არის ბიძინა ივანიშვილის, იმდროიდნელი პრემიერის გახარიას დამქაში, არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, პოლიტიკურად მოტივირებულია და დღესაც ვხედავთ იმის შედეგებს, რა საქმიანობასაც ის ეწევა,”- განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ძირითად საქმიანობას, როგორც ხაზარაძე აცხადებს, ყველა პარამეტრით, მას შემდეგ, რაც გვენეტაძე დაინიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, ვარდნა ფიქსირდება.

„ვუთხარი, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ის არის ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი, რომელიც ასეულათასობით ანაზღაურებას იღებს და ეროვნულმა ბანკმა, პანდემიის პირობებში, როცა ექიმები და ექთნები იღებენ მიზერულ ანაზღაურებას, 5.5 მილიონი ლარი დაარიგა პრემიების სახით, ეს ნიშნავს, რომ ისინი ცალკე კუნძულზე ცხოვრობენ, არ აინტერსებთ, რა ხდება ჩვენს გარშემო, შესაბამისად, მოვუწოდე გადადგეს თანამდებობიდან,”- განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – სენატორების საქართველოში ვიზიტი ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა
შემდეგი სტატიასააკაშვილი – უკანონო ბრძანებები არ უნდა შესრულდეს