ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე მას არ აქვს უფლება, რომ შეაფასოს მიმდინარე მოვლენები. პრეზიდენტის თქმით, მის მიერ მოვლენების შეფასება უშუალო ჩარევად იქნება აღქმული.

„ბრალდება წაეყენათ გუშინ თუ არ ვცდები, მე მესმის, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, თუნდაც, არასამთავრობოები ამაზე თავიანთ შეხედულებებს გააჟღერებენ. მე ვარ გათვითცნობიერებული იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არის და მე ამას ვაკვირდები, ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ მე ვთვლი და ეს უნდა კარგად გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ის კი არა კომპეტენცია, უფლება არ აქვს, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება. სანამ პროკურატურა არის ჩართული, ან სანამ სასამართლო არის ჩართული, პრეზიდენტისგან ამაზე კომენტარის გაკეთება არის უშუალოდ ჩარევა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “TBC ბანკის” საქმეზე პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყების მათ ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
შემდეგი სტატია“დღეს თუ დამიშლიან, ხვალ დავუძახებ 30-40 ათასს კაცს და დავდგამ” – მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ