ივანიშვილი ფაქტორი აღარ არის, არჩევნებს ქართველი ხალხი ჩანიშნავს – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, “ტვ პირველის” ეთერში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უწყვეტი პროტესტი უნდა გაგრძელდეს და პოლიტიკური კრიზისი ბოლომდე უნდა მივიდეს:
“ეს (ივანიშვილის ხელისუფლება) არის ქოხი, რომელიც ფეხებზე დგას და მალე ჩამოიშლება. ეს მკაცრი ტონი, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ მათი ამომრჩევლის გასაგონად. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს, ქართველი ხალხი დანიშნავს ახალ არჩევნებს. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, პოლიტიკური კრიზისი ბოლომდე უნდა მივიდეს, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და ქართველმა ხალხმა სამართლიან არჩევნებში მიიღოს გადაწყვეტილება”- თქვა მან.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნიდან ტვინები გააქცია. “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ეს ხაზარაძის თქმით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც სჭირდებათ.
“სრული სერიოზულობით ვამბობ, ერთადერთი შანსი გვაქვს – ახალი არჩევნები! ახალი არჩევნები პირველ რიგში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის, იმიტომ რომ ისინიც ამ გემში ზიან და ამ გემს საქართველო ჰქვია, რომელიც ახლა ძალიან სწრაფად უფსკრულისკენ მიექანება. ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში ვერ გაძლებს. ახალი არჩევნები, დიდი გაერთიანება, დიდი შერიგება და სამართლიანი არჩევნები, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი მთავრობა უნდა, რომ ამ ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან მშვიდობით გამოვიდეთ”- თქვა ხაზარაძემ.