ხაზარაძე – ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორი გახდა მიუღებელი, ამიტომ არ მივიღეთ „საარჩევნო კოდექსის“ კენჭისყრაში მონაწილეობა

ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორი გახდა მიუღებელი, ამიტომ არ მივიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა, – ასე უპასუხა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ დაუჭირა ფრაქციამ მხარი საარჩევნო რეფორმას.

მისი თქმით, უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია, რომ ფრაქციამ შესაძლოა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს.

„სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ვერ გამოვიდნენ წარსულიდან. გული მწყდება, რომ ახალგაზრდა ხალხია და საუბრობენ წარსულზე. სხვა არგუმენტი არ დარჩენიათ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ფრაქციამ შეიძლება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორი გახდა მიუღებელი, ამიტომ არ მივიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა. ეს იყო უცბათ 40-პროცენტიანი მაჟორიტარების თემის შემოვარდნა ამ კოდექსში, რომელიც არ განხილულა ინტენსიურად და ბოლო დღეს ჩაიწერა. შარლ მიშელის დოკუმენტში ჩვენ მარტო ერთი რიცხვი ვიცით – 43 პროცენტი, სხვა პროცენტზე საუბარი არ ყოფილა. ასევე, ჩვენთვის მიუღებელია იმ პატარა პარტიების დასჯა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა. ხომ წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ინტერესებს იცავს, მაგრამ ასეა, სამართლიანობა სამართლიანობაა და მნიშვნელობა არ აქვს ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ასეთი სიურპრიზების გამო არ ვყოფილიყავით უბრალოდ ხელის მომწერები და ამიტომ შევიკავეთ თავი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – პარლამენტის ხელშია, ხელი შეუწყოს 19 აპრილის შეთანხმებას, რაც ცალსახად გულისხმობს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას
შემდეგი სტატიაქართველებზე უკეთეს პარტნიორს ვერც ისურვებდნენ – ქნირში ავღანეთში გერმანელ ჯარისკაცებზე