ხაზარაძე: ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, ერთი ნაბიჯით არ იქნება უკან დახევა, რადგან შეიძლება, საბჭოთა კავშირში გავიღვიძოთ

ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, ერთი ნაბიჯით არ იქნება უკან დახევა, რადგან შეიძლება, საბჭოთა კავშირში გავიღვიძოთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 9 წლის წინანდელ მოვლენებზე საუბრის არგუმენტი აღარ მუშაობს და ახლა ყველამ მომავლისკენ უნდა იყუროს.

„დღეს მოხდა უპრეცედენტო რამ, გავრილოვის თემაზე აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერს 40 000 ლარის გამო, როცა ამ შენობაში ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავენ და ამას უბრალოდ შეცდომას ეძახიან. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, ერთი ნაბიჯით არ იქნება უკან დახევა, რადგან შეიძლება, საბჭოთა კავშირში გავიღვიძოთ. მინდა, მივმართო „ოცნების“ მხარდამჭერებს, ნუ მიყვებით ინერციას, არგუმენტი, რომ 9 წლის წინათ ეს იყო და ასე შემდეგ, ჩემთვის აღარ მუშაობს, მე მინდა ვიყურო მომავალში, მინდა, ჩემ, თქვენს შვილებთან ერთად ახალი და ძლიერი საქართველო ავაშენო.

გადახედეთ, რა ხდება ქვეყანაში, ლუკმა-პურის საშოვნელად, ჩვენი თანამემამულეები, დღეში თითქმის 50 000 ადამიანი რიგში დგას, რომ ქვეყანა დატოვოს, ის ქვეყანა, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ მოიძებნება რესურსებით, ინტელექტუალური ძალით, ადამიანებით. რა დაგვემართა? დაგვემართა ის, რომ გადავყევით „ფეისბუქზე“ კლავიატურებით რაღაცების აკრეფას, ტელევიზორით ყურებას, ველოდებით, რომ კიდევ ვიღაცა მოვა და ის დაალაგებს სიტუაციას, დემოკრატიული სისტემა ნიშნავს, რომ თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ამ ქვეყნის პატრონი, იქნება ეს ქუჩა, უბანი, სოფელი, თუ ქალაქი.

ამიტომ, ეს მოძრაობა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე. დღეს ჩვენთან არის მთელი თავისუფალი მსოფლიოს ყველა ცივილური ადამიანი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, მოვუწოდებ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსს, სასწრაფოდ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და, დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ კრიზისიდან. თუ ამას დროზე არ მივაღწიეთ, ქვეყანაში ტანკები მონაგონი იქნება, ჩვენ მარტო 20 პროცენტი კი არ გვექნება ოკუპირებული, მენტალურად გვექნება დაკარგული საქართველო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

ვირუსის ბლოკატორები