„27 ოქტომბერი, იქნება ის დღე, როდესაც ჩვენ გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ ბიძინა თავისი ოცნებით არის წასული“- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერმა საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ დღიდან დაიწყება ახალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვერ ვიხილავთ ხალხის მიერ უარყოფილ ძველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახალი სახეებით ბრუნდებიან პოლიტიკაში, ჩვენ ვიხილავთ ახალ სახეებს, ახალგაზრდების სახით და 27 ოქტომბერი, იქნება ის დღე, როდესაც ჩვენ გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ ბიძინა თავისი ოცნებით არის წასული და ჩვენ ვიწყებთ ახალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობას. მეგობრებთან ერთად ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა.