ყაზახეთში ახალი კონსტიტუციის მისაღებად რეფერენდუმი იმართება. ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს დღეს ქვეყანაში მოქმედი უზენაესი კანონის ტექსტის 40%-ის ცვლილებას.
სიახლეების ძირითადი ნაწილი, 70% მოიცავს კონსტიტუციის მუხლებს, რომლებიც ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობებს ეხება.
ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი ცვლილება უკავშირდება ქვეყნის პარლამენტს, რომელიც, ორპალატიანის ნაცვლად, ერთპალატიანი ხდება. დეპუტატები არჩეულები იქნებიან პარტიული სიით 5 წლის ვადით. ქვეყანაში დღემდე მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა გაუქმდება.
ასევე, ცვლილებები ითვალისწინებს ახალი საკონსულტაციო ორგანოს ფორმირებას, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის უფლება ექნება. ე.წ. სახალხო საბჭოს წევრებს პრეზიდენტი დანიშნავს.
გარდა ამისა, აღდგება ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც საერთაშორისო ფორუმებზე ქვეყნის ინტერესების წარმდგენი იქნება. ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ასევე პრეზიდენტი წარუდგენს.
ახალი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს პარლამენტის მიერ ქვეყნის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესაძლებელობას, რაც ყაზახეთის მოქმედი უზენაესი კანონით შეუძლებელია. თუმც იმპიჩმენტი მხოლოდ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში შედგება.
კონსტიტუციის განახლებული ტექსტი ასევე ითვალისწინებს ქვეყნის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ორგანოების გადაწყვეტილებებზე. ასევე, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ქორწინებად გამოცხადდება მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირი. უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებები მოიცავს საპროტესტო აქციების გამართვის შეზღუდვას, თუ დემონსტრაციები ემუქრება საზოგადოებრივ წესრიგსა ან მორალს.
ყაზახეთის კანონმდებლობით, რეფერენდუმი იმ შემთხვევაში შედგება, თუ მასში რეგისტრირებული ამომრჩევლების ნახევარზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. შედეგები შვიდი დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს.
















