ხატია დეკანოიძე : ველოდებით „ქართულ ოცნებას“, რომლის პასუხისმგებლობაა, რაც შეიძლება მალე მოიტანონ შემხვედრი წინადადებები, ჩვენ კომპრომისისთვის ვიწრო სივრცე გვაქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, სამომავლო განვითარებისთვის და პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ ჯანდაცვის კრიზისის გადასაწყვეტად, აუცილებელია, ჩატარდეს ახალი არჩევნები და ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება განიმუხტოს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაინც ელოდებოდნენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ მოიტანდა რამე შემხვედრ წინადადებებს, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი და არალეგიტიმური პარლამენტი იქნება ის, რაც აირჩია საქართველოს მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, ძალიან ცდება, რადგან საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, მათ შორის სამომავლო განვითარებისთვის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის გადასაწყვეტად, აუცილებელია, ჩატარდეს ახალი არჩევნები და განიმუხტოს ის ძლიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ამიტომ თუ გადაწყვეტენ, შეკრიბონ ერთპარტიული პარლამენტი, იყვნენ როგორც კომუნისტური პარტია და როგორც ბოლშევიკები ამ პარტიაში, მაშინ ძალიან მალე უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდებიან, ვიდრე დღეს არიან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკების მესამე რაუნს, დეკანოიძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის არის ჩანიშნული.

„ჩვენ ველოდებით „ქართულ ოცნებას“, რომლის პასუხისმგებლობაა ახლა, რომ რაც შეიძლება მალე მოიტანონ ის შემხვედრი წინადადებები, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტისთვის, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს კომპრომისს, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ კომპრომისისთვის ვიწრო სივრცე გვაქვს, უფრ სწორად, ჩვენს უკან არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ამომრჩეველი, ვისაც 31 ოქტომბერს წაართვეს არჩევანი ცვლილებებისთვის. ამიტომ ჩვენი კოპრომისი იყო ის, რომ ჩვენ ველოდებით ახლა მათ წინადადებებს და მოლაპარაკებებზე ვართ ხელისუფლებასთან.

შესაბამისად, ჩვენი წინადადებები ძალაშია, ძალაშია ის სამი მთავარი მოთხოვნა. პირველი -ვადამდელი ან ახალი არჩევნები, ეს უკვე მოლაპარაკების საგანია. მეორე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრულიად ახალი ადმინისტრირება და მესამე – პოლტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, ოპოზიცია ზუსტად იგივე მოსაზრებებზე ვართ. ჩვენი სურვილია, რომ მოლაპარაკებები ჩიხიდან გამოვიდეს, ამიტომ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, სწორედ მათ უნდა მოამზადონ და მოვიდნენ შემხვედრი წინადადებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიკოვიდ 19-ის მსოფლიო სტატისტიკა უარესდება; იტალიის სამხრეთში, ნეაპოლში რესურსების ნაკლებობის გამო, საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იღებენ, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 50 000-ის ნიშნულს გადასცდა
შემდეგი სტატია“ლელო” – მთავრობა არ იყენებს იმ საველე ჰოსპიტალს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დასაწყობებულია თავდაცვის სამინისტროში