„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში სომხეთში NVIDIA-ს მასშტაბურ ინვესტიციას ეხმაურება და მას საქართველოს დღევანდელ რეალობას ადარებს.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც მეზობელი ქვეყანა მომავლის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ცენტრად ყალიბდება, საქართველო საერთაშორისო იზოლაციასა და ფინანსურ სქემებში ეფლობა.
„სანამ ანტიქართული „ოცნება“ დაკავებულია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის წინააღმდეგ საბოტაჟით, სომხეთში ეკონომიკური, მოთხოვნა-მიწოდების ახალი მშვიდობის პარადიგმა მყარდება.
NVIDIA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ Firebird-ი გეგმავს, 2027 წლის ბოლომდე სომხეთში განათავსოს 70,000-ზე მეტი NVIDIA Rubin-ისა და Blackwell-ის გრაფიკული პროცესორი (GPU) და შექმნას 300 მეგავატის სიმძლავრის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა. ეს ხელს შეუწყობს სომხეთს, გადაიქცეს ხელოვნური ინტელექტის კვლევის, გამოთვლითი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ცენტრად.
არსებობს გეოპოლიტიკური კონცეფცია Silicon Shield — „სილიკონის ფარი“, რომელიც აქამდე ტაივანს უკავშირდებოდა. ეს ნიშნავს ქვეყნის მიერ წარმოებული კრიტიკული ნახევარგამტარებით წამყვან პოზიციას გლობალური ტექნოლოგიური მიწოდების ჯაჭვში და ეკონომიკურ/სტრატეგიულ დამცავ მექანიზმს ქვეყნისთვის. ნახევარგამტარების გარეშე არ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები. მსგავსი ინვესტიციები მომავალი მშვიდობის გარანტიაა.
ამის ნაცვლად, საქართველო რუსული, ირანული და ადგილობრივი ქოლ-ცენტრების ფინანსების სამრეცხაოდ გადაიქცა“, — წერს ხატია დეკანოიძე.














