21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ხატია დეკანოიძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხა: პროცესს სამართლებრივი ღირებულება არ ჰქონია, ეს აბსურდია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესს არანაირი სამართლებრივი ღირებულება არ გააჩნია და ის მხოლოდ საზოგადოებრივი ყურადღების გადატანას ემსახურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გამოკითხვისას მისი მთავარი შეკითხვა შეეხებოდა იმას, აპირებენ თუ არა სამართალდამცავები იმ პირების დაკითხვას, რომლებიც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ წერილში უშუალოდ ფიგურირებენ.

„პირველ რიგში, ჩემი კითხვა იყო, აპირებენ თუ არა გამოკითხონ კობახიძე და მდინარაძე, ანუ იმ ორი გვარის ადამიანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ფიგურირებს. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან იმ წერილში არ ვიყავი მე ან სხვა ოპოზიციონერები დასახელებული. რა საერთო მაქვს მე ან სხვა ადამიანებს იმ წერილთან? არაფერი მითხრეს, რა თქმა უნდა, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, უბრალოდ, დავალება აქვთ, რომ საინფორმაციო „ქარიშხალი“ შექმნან“, — განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის სახელი და გვარი მას არც საჯარო გამოსვლებში და არც სოციალურ ქსელში არასდროს უხსენებია.

„ყველაზე დიდი აბსურდი ის არის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მე არსად მიხსენებია… არსებობს კითხვები ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე, რომელზეც საზოგადოებას პასუხი არ მიუღია, მაგალითად, თორნიკე რიჟვაძის საქმე, ციხის უფროსის საქმე და ასე შემდეგ. კონკრეტულად ამ ადამიანების საქმეები დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან. იმ წერილის გარშემო მიბარებენ, რომელშიც არ ვარ ნახსენები. ფაქტია, ეს არის კრიზისი „ქართულ ოცნებაში“, — დასძინა პოლიტიკოსმა.

საგამოძიებო პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგ წერილში ეჭვქვეშ დააყენა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია და განაცხადა, რომ „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მომხდარ ბუნდოვან თვითმკვლელობებზე პასუხები დღემდე არ არსებობს.

პროკურატურის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობა დადასტურებულია, გავრცელებული განცხადებების გამო გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ცრუ მეწარმეობის, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
შემდეგი სტატიათამაზ ელიზბარაშვილი სასამართლოში: მე ვარ უდანაშაულო, ბრალდება თითიდან გამოწოვილია