„ინფორმაციის ნაკადში ეს მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა ჩაიკარგოს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსმა საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ჰქონდა ურან-238 და მისი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის გადაცემას გეგმავდა 700 ათას აშშ. დოლარად. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საკითხი. ურანი-238 ურანის იზოტოპია, რომელიც ბირთვული იარაღის გამდიდრებისთვის შეიძლება პირდაპირ არ გამოიყენება, მაგრამ მისი კონცენტრაცია საკმაოდ საშიშია.
ანუ საქართველოს მოქალაქის ხელში აღმოჩნდა ბირთვული მასალა. ეს მიუთითებს ბირთვული მასალის უკანონო ტრეფიკინგის ქსელზე, რადგან ის უცხოეთში საქართველოდან აპირებდა აკრძალული ნივთიერების გაყიდვას.
საიდან მოხვდა საქართველოში ურანი? სუსს არ გაუცია პასუხი მასალის რაოდენობაზე, წარმომავლობაზე და არც დაკავებულის თანამზრახველების ქსელზე. გამოძიება არაფერს გვეუბნება აკრძალული ნივთიერების გატანის ორგანიზატორებზე და შუამავლებზე, საზღვრის კვეთის უკანონო მცდელობაზე , ვინ არის მასალის მიმწოდებელი და რამდენად დიდია ქსელი.
სახეზეა ძალზედ საშიში ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის მოქმედების ნიშნები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ურანი მოხვდა და უკანონო ვაჭრობის ობიექტი გახდა.
ქოლ-ცენტრებისა და კრიპტოს გათეთრების შემდეგ, ორგანიზებული დანაშაული ახალ სიმაღლეზეა.“ – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება:
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავრცელებულ განცხადებაში.















