ხატია დეკანოიძე: ბატონო მინისტრო, თქვენი გამოსვლა საშინლად არ მომეწონა

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, რომ ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენ წინააღმდეგ პროპაგანდა მაინც გრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ილია დარჩიაშვილისგან დღეს პარლამენტში ვერ მოისმინა პოლიტიკური შინაარსის განცხადებები.

„ქართული ოცნების“ მთელი რიტორიკა და პროპაგანდა ამ თვეების განმავლობაში არის შემდეგი, თურმე ოპოზიცია ცუდად წარმოაჩენს საქართველოს სახელმწიფოს და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება, როდესაც თურმე ოპოზიცია უფრო ძლიერია საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე საგარეო უწყება, თქვენ და თითოეული დიპლომატი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა საელჩოებს, ხართ თუ არა შეურაცხყოფილი უმრავლესობის განცხადებით. იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი განცხადებისა, რომ დიახ, საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაინც პროპაგანდა გრძელდება. პროპაგანდა ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამაც ახსენა, თურმე ჩვენი წყალობით, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო რატომ არ არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ დაიცვას საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მე თქვენს ადგილას, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეურაცხმყოფელ განცხადებებად მივიჩნევდი.

ბატონო მინისტრო, თქვენი გამოსვლა საშინლად არ მომეწონა, რადგან ძალიან ფორმალური გამოსვლა გქონდათ. ვერავითარი პოლიტიკური განცხადება და პოლიტიკური შინაარსის განცხადებები ვერ მოვისმინე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რა არის ზოგადად კითხვარი, ძალიან კარგად ვიცით კრიტერიუმები, რომელიც იქნება კითხვარის შემდეგ, მოლაპარაკებები დაიწყება თუ არა, მთელი ეს პროცედურები, მაგრამ რეალურად აქ ვერ მოვისმინე თქვენი პოლიტიკური შეფასება. მაგალითად იმაზე, რა არის უმნიშვნელოვანესი ორ კვირაში გასაკეთებელი, საქართველოს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, რა რეფორმების ნუსხა უნდა გააკეთოს, რომელიც რეალურად შეშფოთების საგანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ibis Budget-ი გაიხსნა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ოპოზიციას: მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ თქვენი გეგმის განსახორციელებლად და გეგმის საფუძველი არის ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი