ხატია დეკანოიძე – აუცილებელია დაწვრილებითი ახსნა, რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად

აუცილებელია დაწვრილებითი ახსნა, რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია ევტუშენკოვის მსგავსი ოლიგარქების მიერ არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ უკრაინული დაზვერვის ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეჭვებს იწვევს ისეთი ინფორმაციებიც, როგორიც არის ის ფაქტი, რომ ევტუშენკოვის წარმომადგენელს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ან ბიზნესთან გადაამისამართა.

„როცა მსგავსი ეჭვები ჩნდება, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის საუბარი რუს ოლიგარქთან, რომელიც ყველაფერს ცდილობს, რომ სანქციებს თავი აარიდოს საქართველოს მეშვეობით. ამიტომ ამ საკითხების პარალელურად მსგავს ინფორმაციას ხელისუფლება უნდა მოეკიდოს სერიოზულად, გამოვიდეს და ახსნას, რა ნორმატიული აქტია, რა თანამშრომლობა ხორციელდება უკრაინელ და თუნდაც, ბრიტანელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ეჭვები არის და ჩნდება მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან, ამიტომ საქართველოს სამხედრო დაზვერვამ უნდა ითანამშრომლოს უკრაინელ კოლეგებთან და რამდენადაც ვიცი, მათ ჰქონდათ ურთიერთობა. ამიტომ აუცილებელია დაწვრილებითი ახსნა, რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია ევტუშენკოვის მსგავსი ოლიგარქებისთვის არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაისრაელი, სერგეი ლავროვის მიერ ჰიტლერის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, მოსკოვისგან ბოდიშს ითხოვს