„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანიის დასანქცირებას ეხმაურება. მისი თქმით, ირანული ფინანსური ინსტიტუტების შესაძლო მონაწილეობა ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ხშირად უგულებელყოფს საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებებს, მათ შორის ევროკავშირის მითითებებს ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით.
„ვიხილეთ, რაც მოხდა ყულევის ნავთობტერმინალზე, როდესაც არაერთი გაფრთხილება მიიღო საქართველომ ევროკავშირისგან, მაგრამ ეს გაფრთხილებები არაფრად ჩათვალა. ასევე ვიცით, რომ ირანის ძალიან ბევრი კომპანიაა გახსნილი საქართველოში, მათ შორის ფიქტიური კომპანიები — მაგალითად, ერთ სოფელსა თუ ქუჩაზე რამდენიმე ასეთი სუბიექტია დარეგისტრირებული. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ რაიმე სახით ირანის მხრიდან ფინანსური ინსტიტუტები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას აძლიერებს“, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში მიზანში ამოიღო კრიპტოკომპანიები, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ. დასანქცირებულ პირებს შორის არის ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელიც დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. იგი მართავს კომპანიების საერთაშორისო ქსელს, მათ შორის საქართველოში დარეგისტრირებულ შპს „შელბითს“ (SHELBIT).
საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკიც. უწყების განმარტებით, აღნიშნულ კომპანიას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად (VASP) რეგისტრაციისთვის სებ-ისთვის არ მიუმართავს და იგი არ წარმოადგენს მათ მიერ რეგულირებულ სუბიექტს. ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას რეგისტრაცია უკვე გაუქმებული აქვს.















