ხათუნა სამნიძე: შესვლა არ განიხილება

ჩვენ არ დავფიქრებულვართ პარლამენტში შესვლაზე. შესვლა არ განიხილება. დაწერილი გვაქვს მანდატის გაუქმებაზე განცხადება და ეს განცხადება ძალაშია დღესაც, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამნიძის თქმით, თუ ხელისუფლება მანდატებს არ უუქმებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაშინ ოპოზიციამ აღნიშნული ქმედება მომავლის კანონპროექტის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენოს.

სამნიძე განმარტავს, რომ მისი პარტია პარლამენტში არ შედის, თუმცა მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.

„ქართული ოცნება“ არღვევს კანონს და არ აუქმებს უფლებამოსილებას. ამასთან, თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ უბარიერო პროპორციული არჩევნებისთვის, ანუ იმ პირობისთვის, რომელიც 20 ივნისის შემდეგ არსებობდა „ქართული ოცნების“ მხრიდან და რის ირგვლივაც გაერთიანდა ოპოზიცია, თუ ამ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, თუ გაბედავენ, რადგან მათ ეს ვერ გაბედეს არჩევნებამდე, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა და ისევ გავაგრძელოთ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა. ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას. პარლამენტში არ შევდივართ და მზად ვართ, მომავლის კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი. თუ დღეს ჩვენ ძალაუფლება მიტაცებული გვაქვს იმის გამო, რომ სისტემა იყო აბსოლუტურად მორგებული, შეძლებოდა ხელისუფლებას დარჩენილიყო მესამე ვადით, ეს რომ არ დავუშვათ სამომავლოდ, ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ და მორჩა. ეს ნიშნავს სამი მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერას მხოლოდ. ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას ან მანდატის გამოყენებას. ან გააუქმონ უფლებამოსილება, ამის შესაძლებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“ ან თუ ტოვებს ამ უფლებამოსილებას, ჩვენ ამას გამოვიყენებთ, მომავლის კანონს დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ბარამიძე გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიაენგურის ცენტრლურ ხიდზე პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიას ორგანიზებით, ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია ჩატარდა