ხათუნა სამნიძე : საპატრიარქოში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ზედაპირზე ამოდის

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქოში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები უკვე ზედაპირზე ამოდის, რაც საპატრიარქოს გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„რესპუბლიკური პარტია“ საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, რომელიც საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

როგორც პარტიაში განაცხადეს, გუშინდელ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო კამპანიის მანძილზე „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაკეთებული განცხადებები – ე.წ ციანიდის საქმე, ჯიპები და 25 მილიონი, არის მიზანმიმართული თავდასხმა ეკლესიაზე, რადგან „ზოგიერთი ძალისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათალიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი“. პარტიაში აცხადებენ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაკეთებული ჩამოთვლილი განცხადებები უტყუარი ფაქტებია.

„ეს ფაქტები მკაფიოდ ადასტურებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია – ავტოკეფალიის აღმდგენი, ოკუპაციის მედგარი და მთავარი მოწინააღმდეგე, რომელსაც ჰყავდა შეუპოვარი პატრიარქები (კირიონი, ლეონიდე, ამბროსი) და უამრავი ღირსეული სასულიერო პირი, დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ჯერ საბჭოთა, მერე კი პოსტსაბჭოთა რეჟიმების ნაწილად, ხელისუფალთა უმცროს პარტნიორად აქცია. იკადრა სახელისუფლო ქრთამის აღება – ეს არის ბიუჯეტის 25 მილიონი ყოველწლიურად, ეს არის ისედაც მწირი ადგილობრივი თვითმმართველობის პერმანენტული ძარცვა მიწებით, ფულით, სამშენებლო მასალით, ეს არის ენით აუწერელი სატრაპეზოებით ნებივრობა, ეს არის მუდმივად ხელგაწვდილ მდგომარეობაში ყოფნა, ეს ჩრდილოეთის პატრონთან მიმართ ზღვარსგადასული შიში და რიდიცაა. თანამედროვე ყანდური – ეს არის საპატრიარქოს სახე დღეს. „შუა საუკუნეების ლიბერალიზმს“ „პოულობს“ საპატრიარქოს ხელმძღვანელი და მოდერნი და პოსტმოდერნი მიაჩნია, თურმე, რწმენის მთავარ მოწინააღმდეგედ მის თანამოსაყდრეს. ცივილიზებული დასავლეთი კი ჩიხიაო – ეს არის პირველი „სიბრძნე“, რაც ამცნო საზოგადოებას მომავალი პატრიარქობის ფავორიტმა კანდიდატმა“, – ნათქვამია პარტიის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში.

„რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ „აი, ასეთ საქციელს თუ უსაქციელობას, აზრს თუ უაზრობას ეწირება ეკლესიის და კათალიკოს-პატრიარქის „ალალი ავტორიტეტი და რეიტინგი“ და არა „მიზანმიმართულ თავდასხმას“, როგორც ბოტკოველს და მის უფროსებს ჰგონიათ“.

„რესპუბლიკელების“ მოლოდინია, რომ საპატრიარქო გათავისუფლდება წნეხისგან.

„მოველით, რომ საპატრიარქო კვლავ გახდება თავისუფლების ორიენტირების – საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღმდგენი სასულიერო პირების ღირსი. ჩვენ ახლო მომავალში ისევე მოველით მჭიდრო თანამშრომლობას სასულიერო იერარქებთან“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამის იმედს იძლევა წესიერი, კვალიფიციური სასულიერო პირების საქმიანობა.

საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება, რომელშიც სასულიერო პირებიც იქნებიან ჩართული.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო
შემდეგი სტატია“ცოტა ისეთ ვიდეოებზეა საუბარი თქმა მიჭირს,” – ზურაბ ნეფარიძის შვილის მტკიცებით მას მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ