ხათუნა სამნიძე – ახლა ის პერიოდია, როცა საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ

არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს, ან ერთიანი სია. ახლა ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ“,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე ისაუბრა.

როგორც ხათუნა სამნიძე განმარტავს, მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრი კოორდინირებული იყოს.

„მე უკვე მქონდა კონტაქტი ნიკა მელიასთან. ვფიქრობ, მალე იქნება შესაძლებლობა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ოპოზიციურმა სპექტრმა, როგორ ვხედავთ თვითმმართველობის არჩევნებს. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს, ან ერთიანი სია. ახლა ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი კამპანია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩანაწერს შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა მიიღოს 43%, თუ გვინდა, რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები. ამ კამპანიაში ერთიანები და კოორდინირებულები უნდა ვიყოთ, აქ ნიკა მელიას როლსაც ვხედავ. მას შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით ამ კამპანიის წარმოება, რომ პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43%. საქართველის მოქალაქეებმა ხმა უნდა მისცენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნებისმიერი არჩევანი გააკეთონ, ოღონდ არა „ქართული ოცნება“,-აცხადებს სამნიძე.

ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეუერთდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს და საპარლამენტო მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა.

“მე კოლეგებს მოვუწოდებ, რომ შემოუერთდნენ ხელშეკრულებას და საპარლამენტო მუშაობას. ვიცი, მათთან პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის. ამისთვის აუცილებელია, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ყველაზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, იყოს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა“, – აცხადებს სამნიძე.

banner
წინა სტატიაშიფოთში კორონავირუსით 48 წლის ექთანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათეონა აქუბარდია – კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ ყველა პარტიასთან