გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსის, ხათუნა ქოქოსაძის განცხადებით, მიმდინარე ზაფხულს საქართველოში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე მცირედით მაღალი იქნება, ნალექების რაოდენობა კი ნორმის ფარგლებში ან მასზე ნაკლები შენარჩუნდება.
სააგენტოს წარმომადგენელმა სეზონისთვის დამახასიათებელი კლიმატური მოვლენებისა და მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურის შესახებ ისაუბრა.
„ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება – დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე. მთიან ზონაში 37-40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში 33-37 გრადუსამდე. ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიც არის გვალვა, თბური ტალღები და ასევე შესაძლებელია ძლიერი ნალექი“,- განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.















