ხათუნა ლაგაზიძემ ”საქართველოს განვითარების ფონდის” წევრების მიმართ ხელის შეშლის ფაქტები დაასახელა

პოლიტოლოგი ხათუნა

”საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგენელმა ხათუნა ლაგაზიძემ რეგიონებში შეხვედრების დროს ფონდის წევრების მიმართ ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები დაასახელა.

როგორც ლაგაზიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით – დავეწიოთ და გავუსწროთ ”ნაციონალურ მოძრაობას”.

”ჩვენთვის მძიმე რეალობა იყოს ის, რაც რაიონებში შეხვედრებისას აღმოვაჩინეთ. ბევრ რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა პირდაპირი ხელშეშლა მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების. ასევე ხდებოდა გაფრთხილება საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების, რომ არ დასწრებოდნენ ჩვენს შეხვედრებს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ განათლების რესურსცენტრების ხელმძღვანელები და წარმომადგნელები, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების დანარჩენი მოხელეები”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ყარაჯალაში იმ ავტობუსთან არ მიუშვეს მოსახლეობა, რომლესაც ისინი ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უნდა წამოეყვანა. ლაგაზიძის განცხადებით, ხელისშეშლაში პირდაპირ მონაწილეობდა ადგილობრივი ხელისუფლება.

”იმავე დღეს ახმეტაში დარბაზის წინ, სადაც ჩვენი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, ორი საათის განმავლობაში პატრულირებდა თავად ახმეტის მაჟორიტარი ზვიადაური და როგორც მოსახლეობა აცხადებს, მისი პატრულირების მიზანი ის იყო, რომ შეხვედრაზე დიდი რაოდენობით მოსახლეობის მისვლა არ დაეშვა, თუმცა მიზანი მიღწეული ვერ იქნა. 3 დღის წინ, ახალქალაქში ჩვენი ორი თანამშრომლის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ოთხი მანქანა აკონტროლებდა და მათ შეხვედრებს პირადაპირ ვიდეოთი იღებდნენ. გარდა ამისა, ტყიბულში საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ჩვენთან შეხვედრას არ დასწრებოდნენ. განსაკუთრებით გააფრთხილეს მაღაროელები, რომ მათ საკუთარ პრობლემებზე არ ესაუბრათ. ასევე გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ იმერეთის ერთ-ერთ რაიონში სამსახურიდან გათავისუფლებას უპირებენ ადამიანს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი შეხვედრების ორგანიზებაში. ჩვენ ამ ინფორმაციას ვაზუსტებთ. ლენტეხში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი თანამშრომელი აიძულა, რომ ჩვენთვის ოფისის გადმოცემაზე უარი ეთქვა. ჩვენი ინფორმაციით, ასეთივე ფაქტს აქვს ადგილი სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში. ამაზეც ინფორმაციას ვაზუსტებთ. მე ვკითხულობ ღიად, რა არის ეს თუ არა ოპონენტების, განსხვავებული საზოგადოებრივი აზრის დევნა? მითუმეტეს, რომ საქმე გაქვს არა პოლიტიკურ პარტიასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, ფონდთან, რომლის შეხვედრებს რაიონებში აქვს ერთადერთი მიზანი – შეისწავლოს საქართველოს მოსახლეობის პრობლემები და ამ ნიადაგზე დადოს საქართველოს განვითარების განსახვავებული ხედვა, რომელიც უპირველესად ხელისუფლებას უნდა მიეწოდოს”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ წარმატებით გადმოიღო ოპონენტების, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის ”ნაციონალური მოძრაობის” დროს კარგად აპრობირებული მეთოდები.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: ჯობს პრემიერმა თავად აიყვანოს კონტროლზე რაიონებში არსებული გარემო
შემდეგი სტატიაჯონ კერი რუსეთს ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს