ხათუნა ლაგაზიძე: არჩევნებამდე დარჩენილი დრო გახარიასთვის სერიოზული გამოწვევა იქნება

პოლიტოლოგი ხათუნა

22 მარტს “ტვ პირველი” ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ამავე არხის ოთხი წამყვანის შეკითხვებს უპასუხა. თუმცა, ინტერვიუში მინისტრისგან ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე კონკრეტული პასუხები ვერ მოვისმინეთ. კითხვები ისევ პასუხგაუცემელი დარჩა. ერთადერთი საკითხი, რომელზეც მინისტრმა კონკრეტული პასუხები გასცა, კრიმინოგენური ვითარების რეალური სტატისტიკა იყო.
რამდენად დამაჯერებელი იყო გიორგი გახარია ინტერვიუს დროს და ვნახეთ თუ არა მომავალი პრემიერი? -ამ საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.
_ მოვისმინეთ შს მინისტრის ინტერვიუ. ხომ არ დაინახეთ მომავალი პრემიერი გახარია? როდესაც ის ცინიკურია, მის გულწრფელობაზე ჩნდება კითხვები. ასეთი იყო ბოლო კითხვაზე დასმული პასუხისას, როცა ეს ამ თემას ეხებოდა?
_ ამ ინტერვიუს შედეგად ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენია. დავიწყოთ იმით, რომ ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში, განსაკუთრებით პრემიერის დონეზე ამ ეტაპზე არ ველი. არ ველი ბევრი ფაქტორის გამო. მათ შორის იმის გამოც, რომ არჩევნები მოახლოებული არ არის. ცვლილებები ხდება ხოლმე არჩევნების წინ, რომ ახალი სახეების მიმართ მოლოდინი გააჩინონ ხოლმე. პრემიერს ბოლო პერიოდში იმდენად აქტიური პიარი აქვს, რომ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით _ ის, რომ ჯერ არ არის წინასაარჩევნო პერიოდი და, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირების შეწირვის პერიოდი არ დამდგარა, მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ პრემიერის პიარი საკმაოდ ინტენსიურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კვლავ მოიაზრება ამ თანამდებობაზე, თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მესამე არანაკლები ფაქტორია ის, რომ შს მინისტრის პოსტზე გახარია ძალიან სჭირდებათ.
“ოცნებისთვის” უფრო რთული იქნება შს მინისტრის პოსტზე შესაფერისი კადრის შერჩევა, ვიდრე _ პრემიერის, რადგან ეს პოსტი საქართველოში ყოველთვის იყო ის ბაზისი, რომელზეც იდგა ხელისუფლება. გახარიასაც რომ ჰქონდეს გაპრემიერების სურვილი და ივანიშვილსაც, სანამ შსს-ს სტაბილურობის უზრუნველმყოფი კადრი არ მოიძებნება, მანამ მის პრემიერობაზე საუბარი არ და ვერ იქნება.
როცა ღარიბაშვილი დააბრუნეს, მაშინაც გაჩნდა ინფორმაციები, რომ თუ გახარიას გადაიყვანენ პრემიერად, მაშინ ღარიბაშვილი გახდება შს მინისტრი, მაგრამ ღარიბაშვილს ივანიშვილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს _ პარტიაში კობახიძისა და კალაძის ალტერნატიული საკადრო ვერტიკალის აგება. ეს ორი საქმე კი ერთდროულად ვერ მოხერხდება.
_ მისი ინტერვიუდან ბევრი კითხვის ნიშანი ისევ დარჩა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე ვერ გაგვცა პასუხი, გარდა კრიმინოგენური ვითარებისა, რომელზეც ახსნა ჰქონდა. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ თემებზე?
_ მე ვერ ვიტყოდი, რომ მოლოდინი იყო, რომ ამ საქმეებზე პასუხები იქნებოდა გაცემული: ინტერვიუ არ დაგეგმილა იმისთვის, რომ რაიმე სიახლეები დაანონსებულიყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ ვისი ინიციატივით შედგა ეს ინტერვიუ _ მინისტრის თუ ტელევიზიის _ ამ ფორმატზე დათანხმება გახარიასგან გარკვეულ გამბედაობას მოითხოვდა.
_ ხაზარაძის წერილში ” ტვ პირველის” “იმედის” ტრენდზე გადასვლაზე იყო საუბარი. ამაზე გახარიამ თქვა, ერთად შევამოწმოთ, რამდენად რეალურია ტრენდზე გადასვლაო. ეს სწორი გზავნილი იყო?
_ იმ ფონზე, როდესაც ამ წერილთან დაკავშირებით კითხვები ჰაერში კიდია, მართლაც გამბედაობას მოითხოვდა `ტვ პირველზე~ მისვლა ოთხ ყველაზე გამოცდილ და უკომპრომისო ჟურნალისტთან.
ზოგადადაც, გახარიას გამბედაობას ვერ დავუკარგავთ. დაწყებული მისი ცნობილი “ბოდიშით”, როდესაც ის ერთბაშად იქცა პოპულარულ ფიგურად საზოგადოების ფართო მასებში, გაგრძელებული იმით, რომ მან, ყველა წინამორბედისგან განსხვავებით, საჭიროდ ჩათვალა რეალური სტატისტიკის აღრიცხვა და გამოქვეყნება. ასევე გამბედაობაში და სწორ ხედვაში ჩავუთვლიდი იმას, რაც მას `ქართულ ოცნებაში~ თითქმის ყველასგან გამოარჩევს: ეს არის ის, რომ მას არ ეშინია პროფესიონალების.
როდესაც ის მივიდა შს მინისტრის პოსტზე, პროფესიონალების მიზიდვა დაიწყო, მათ შორის ქალების დანიშვნა წამყვან თანამდებობაზე. სამართალდამცავ სტრუქტურაში ქალების ასეთი მასობრივი დაწინაურებით მანამდე განებივრებულები არ ვიყავით. ეს ფაქტორები იყო, რამაც თავის დროზე მის მიმართ ინტერესი გაზარდა. ასევე ის რეფორმები, რაც შსს-ში ამ ქალების შემოსვლით დაანონსდა და დაიწყო. განსაკუთრებით ეს ეხება ოჯახური ძალადობის პრევენციას. ეს პირდაპირ არის გადაჯაჭვული საზოგადოების რეფორმირების პროცესთან, როცა ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ქალები და ბავშვები ოჯახური ძალადობისგან უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ამას მოწმობს ისიც, რომ მიმართვიანობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ოჯახური ძალადობის თემაზე 100%-ით არის გაზრდილი. ამ ნაბიჯების წყალობით ის მოკლე დროში იქცა “ქართული ოცნების” ” ფალავნად”.
თუმცა, თუ ვინმეს უჭირს ზოგადად სახელის შენარჩუნება, ეს არის შს მინისტრის პოსტი. ამ პოსტიდან სახელიანი წასვლა რთულია. ღარიბაშვილის დროს არ იყო განსაკუთრებით ხმაურიანი საქმეები და ამიტომაც მოასწრო მან პრემიერის პოსტზე გადასვლა. თანამედროვე მსოფლიო ისტორიაშიც ცოტა მაგალითია, როდესაც ძალოვანი მინისტრი უფრო ზემოთ ადის პოლიტიკურ იერარქიაში, ვიდრე ქვემოთ. ბოლო მაგალითი რაც მახსენდება, სარკოზია, რომელიც პრეზიდენტობამდე სწორედ შს მინისტრი იყო. ამ პასუხით ნაწილობრივ თქვენს დასმულ პირველ კითხვასაც ვუბრუნდები.
გახარია შეეძლო, გამოეყენებინა ხელისუფლებას, არა მხოლოდ როგორც სტაბილურობის გარანტი და ის საყრდენი, რომელზეც დგას ხოლმე საქართველოს ხელისუფლებები, არამედ, როგორც სახეც.
ადრე “ქართულ ოცნებას” მარტივად შეეძლო გასულიყო იოლად, მიუხედავად იმისა, რომ არ მიესალმებოდა ლიდერებს საკუთარ წიაღში, რადგან ყოველთვის ჰქონდა იმის იმედი, რომ სხვები უარესები იყვნენ და ამით გადიოდა ფონს. 6 არჩევნები მოიგო `ოცნებამ~ ასე _ სახიერი ლიდერების გარეშე, მხოლოდ ივანიშვილის იმედად. გამონაკლისი მხოლოდ კალაძის არჩევნები იყო.
მაგრამ ახლა მოსამართლეების თემით `ოცნებამ~ აჩვენა, რომ მონდომებით შლის ზღვარს საკუთარ თავსა და ნაციონალური მოძრაობის მიდგომებსა და საკადრო პოლიტიკას შორის. ამიტომაც, ლიდერების გარეშე `ოცნებას~ ძალიან გაუჭირდება 2020 წელს. ლოგიკური იქნებოდა, რომ “ოცნებას”შეენარჩუნებინა გახარია, როგორც სახე.
_ ანუ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახარიას “ოცნების” ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ხედავთ?
_ 2020 წლამდე შს მინისტრის პოსტზე გახარია ძალიან საჭირო იქნება ხელისუფლებისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი, მაგრამ, რამდენად იზრუნებს `ოცნება~, რომ გახარია შეინარჩუნოს, როგორც სახე, თუ მას საკუთარ შეცდომებზე შეახოცავენ ხელს, მე ამაზე პასუხი არ მაქვს.
დარჩენილი წელიწად-ნახევარი ძალიან რთული იქნება და ძალიან ბევრი დარტყმა სწორედ შსს-კენ წავა. თუ ეს პერიოდი ვინმესთვის იქნება სერიოზული გამოწვევა, ერთ-ერთი პირველი გახარია იქნება. ეს გამოწვევები შეიძლება იყოს ის ბარიერები, რამაც მისი შანსები პრემიერის პოსტზე შეამციროს. დამოკიდებულია იმაზე, რად უღირს “ოცნებას” გახარია: მხოლოდ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის _ შს მინისტრის პოსტზე თუ სახედაც, რომელიც გარკვეული დოზით მიმზიდველი იქნება საზოგადოებისთვის.
_ ალბათ საჭიროა ამისთვის, რომ იმ გახმაურებული საქმეებიდან რამდენიმეზე მაინც მიიღოს პასუხები, თუნდაც იმავე კადრებთან დაკავშირებითაც. წლები გადის და დღემდე არ გვაქვს რეალური პასუხები.
_ ზუსტად. ამ გახმაურებულ საქმეებზე პასუხების გაცემა მარტო შსს-ს პასუხისმგებლობა არ არის, მაგრამ, ამავდროულად, ისიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ყველა საქმე, რომელზეც ინტერვიუსას იყო საუბარი, მნიშვნელოვანია, მაგრამ, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელებში მრავალჯერად გაჟონვაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე სერიული დანაშაულია.
როცა ერთხელ ვერ იძიებ, ორჯერ ვერ იძიებ, ათჯერ ვერ იძიებ, არავის აღარ სჯერა, რომ ვერ იძიებ, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ არ იძიებ.
_ მით უმეტეს, როცა ანგარიშსწორების ნიშნებს აჩენს.
_ რა თქმა უნდა. როცა სერიულ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ამდენი ხანია, პირადი კადრების გავრცელების არც ერთი ეპიზოდი გამოძიებული არ არის, ჩნდება განცდა, რომ ამის უკან იკვეთება პოლიტიკური ინტერესი. ამიტომაც, წესით, ეს ხელისუფლებისთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი უნდა იყოს, ისევე, როგორც ხაზარაძის წერილის თემა.
ლონდონიდან პასუხი ბევრ რამეს შეცვლის: თუ ლონდონიდან გაურკვეველი პასუხი მოვიდა და ვერ მოხდა იდენტიფიცირება, ვის ხელში გამოიარა წერილმა, მაშინ ეს კითხვა ჰაერში გამოკიდებული დარჩება და დროსთან ერთად მისი სიმწვავე განელდება. დადებითი პასუხი კი არა მხოლოდ მის პირად კარიერას, არამედ ხელისუფლებასაც დაემუქრება. მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ბოლო ინტერვიუსას თქვა, რომ გახარიამ საკუთარი მუნდირის ღირსება სასამართლოში უნდა დაიცვასო, ანუ სასამართლოს მეშვეობით დაამტკიცოს, რომ წერილი მან არ გამომიგზავნიაო.
სიმართლე გითხრათ, ამ განცხადებით ამ საქმემ ერთობ უცნაური ელფერი მიიღო: დარჩა შთაბეჭდილება, რომ ლონდონიდან გარკვეული პასუხის იმედი მამუკა ხაზარაძეს ნაკლებად აქვს და ამიტომ გახარიას სასამართლოში სთავაზობს საკუთარი სიმართლის დაცვას. თუმცა, რა, როგორ და რატომ უნდა ამტკიცოს გახარიამ სასამართლოში, თუნდაც ტექნიკურად, გაუგებარია.

იაგო ნაცვლიშვილი
ახალი თაობა

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის შემცვლელად ამერიკელები ირაკლი ალასანიას განიხილავენ
შემდეგი სტატიაროდესაც მოსამართლეობის კანდიდატები წარდგებიან პარლამენტში, საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი არიან ღირსეულები