ხათუნა ლაგაზიძე: ოპოზიცია საკუთარ პანაშვიდზე იმყოფება

პოლიტოლოგი ხათუნა

19 მაისს საქართველოს რამდენიმე რეგიონში მერებისა და საკრებულოს წევრების შუალედური არჩევნები გაიმართა, ყველგან მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა. შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისშიც, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ოპოზიციური კანდიდატი შალვა შავგულიძე მეორე ტურში გავიდა.
რა სურათი გამოიკვეთა ამ არჩევნებით, რამდენად არის რევოლუციური განწყობა ქვეყანაში და რას უნდა ველოდოთ 2020 წლის არჩევნებისთვის? – ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობასთან”  ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.

_ მოვისმინეთ თქვენი შეფასებები, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთი ვადით დარჩება ხელისუფლებაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ ეს არჩევნები იყო ოპოზიციისთვის სილის შემოლაწუნება ამომრჩევლის მხრიდან. ამდენ საარჩევნო ოლქში გაიმართა არჩევნები და, გარდა მთაწმინდისა, ვერსად ვერ შეძლო ოპოზიციამ ხელისუფლების მეორე ტურში გადაყვანა -არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო საარჩევნო უბნებზე საპროტესტო ელექტორატის გამოყვანა.
თითოეულ საარჩევნო უბანზე ოპოზიციის ბევრი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. ამ არჩევნებზე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დამარცხების წარმოჩენა სრულფასოვან სურათს ვერ ხატავს და მთელმა ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რა სჭირს. იმით თავის მართლება, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს, ამომრჩევლის მოსყიდვით არის დაკავებული, ძალადობის ფაქტებია და ა.შ. გამართლებული არ არის. ეს სურათი იყო ადრეც, მაგრამ, ამის მიუხედავად, 2003 წელს შეძლო სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლა, ხოლო 2012 წელს ივანიშვილმა შეცვალა ხელისუფლება სწორედ არჩევნების გზით.
ის, რომ ხელისუფლების ხელშია ადმინისტრაციული თუ სხვა რესურსები, არის მოცემულობა და ამის საპირისპიროდ უნდა დაგეგმოს თავისი ტაქტიკა ოპოზიციამ. თორემ, გამოდის რა? განსაკუთრებით 2015 წლის შემდეგ ვუყურებთ, თავში ხელებს როგორ იშენს ოპოზიცია და თავისი რიტორიკით ამტკიცებს იმას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. ოპოზიციამ ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი აქვს, თორემ გამოდის, რომ ამ თავისი უუნარობით ოპოზიცია თვითონ მოუწოდებს ამომრჩეველს, საარჩევნო უბანზე არ მივიდეს. ამის შედეგი დაიდო კვირას.
თუ იმას იძახი, რომ მოისყიდეს, გამიყალბეს და ა.შ. შემდეგ და შემდეგ არჩევნებზე უფრო და უფრო ნაკლები ხალხი მოვა. ამ მოცემულობიდან უნდა ამოხვიდე, თუ გამარჯვებისთვის იბრძვი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოპოზიციის მარცხის, ამას ემატება დაქსაქსულობა.
უმნიშვნელოვანესია მთაწმინდის მეორე ტურის არჩევნები, რომელიც ოპოზიციას შეეძლო ექცია ძალიან კარგ ტესტად და რეპეტიციად, თუ გამოიყენებდა იმ გზას, რაც დავით უსუფაშვილმა ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ შესთავაზა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიცია თითო რეიტინგულ კანდიდატზე შეჯერდეს, რათა არ მოხდეს ხმებისა და პარტიული რესურსის დაქსაქსვა.
_ ანუ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რესურსების გაერთიანება მიგაჩნიათ?
_ ზუსტად. მთაწმინდის არჩევნები ამისთვის ძალიან კარგი ტესტია, მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ? ვხედავთ, რომ მეორე ტურში თითქმის არც ერთი ძალა არ აპირებს, შალვა შავგულიძეს მხარი დაუჭიროს. აქ აპელირება იმაზე, როგორ შეეკრა შავგულიძე `ევროპულ საქართველოს~, თითიდან გამოწოვილია. თუ ოპოზიციის მიზანია ხელისუფლების შეცვლა, სხვა არგუმენტები ჩემთვის, პრინციპში, გაუგებარი და თითიდან გამოწოვილია.
ეს პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკაა. რა ტაქტიკას ირჩევ ხელისუფლებაში მოსასვლელად, აქ ეს არის არსებითი და ეს არის რეალური მიზანი. მე როგორც ვხედავ, მთაწმინდაზე გაერთიანება არ მოხდება, ისევე, როგორც არ მოხდება გაერთიანება 2020 წლის არჩევნებისთვის და ასე ბრინჯივით დაფანტული და დაქსაქსული ოპოზიცია გავა 2020-ის არჩევნებზე.
_ რა გაფიქრებინებთ ამას, მაშინ როცა ოპოზიციიდან სხვა განცხადებები გვესმის? გვესმის, რომ უფრო და უფრო უნდა გამსხვილდეს და სხვადასხვა ძალა შემოიკრიბონ გარშემო. ამაზე დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე მსჯელობთ?
_ დიახ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ვმსჯელობ. 2020 წელს გაცილებით მეტი რაღაცა იდება სასწორზე: მე არ ვსაუბრობ სრული ოპოზიციური სპექტრის ერთ ქვაბში მოხარშვაზე. ოპოზიციას შეუძლია, არჩევნებზე ცალ-ცალკე სიით გავიდეს, მაგრამ, რადგან ოპოზიცია ვერ ახერხებს დაანონსებული მილიონი ხელმოწერის შეგროვებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თვალსაზრისით, ის მაინც მოახერხონ, რომ შეჯერდნენ და თითო კანდიდატი წარადგინონ თითო ოლქში, რადგან თითო ოლქში 10-10 ოპოზიციური კანდიდატის წარდგენა, ფაქტობრივად, მარცხისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამით გამოდის, რომ ხელისუფლება კი არა, ოპოზიციაც თესავს არჩევნებისადმი ნიჰილიზმს.
_ ამას ოპოზიციაში ვერ ხვდებიან თუ ამბიციები აქვთ იმდენად დიდი, თუნდაც მთავარი ოპოზიციური ძალის მოპოვების კუთხით, რომ ასეთ ნაბიჯზე მიდიან?
_ ზოგის ამბიციაა, ზოგი შეიძლება პარლამენტში მოხვედრის გზად ხედავდეს ხელისუფლებასთან ღია თუ ფარულ თანამშრომლობას. ესეც პოლიტიკური ტაქტიკაა, ამას არა მარტო ჩვენთან, არამედ საზღვარგარეთაც იყენებენ, თუ ეს პარლამენტში მოხვედრის უმოკლესი გზაა.
ფაქტია, რომ გაერთიანების დიდი სურვილი არავის აქვს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ ხელისუფლებასთან გარიგებით უნდათ პარლამენტში მოხვედრა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიების არცთუ მცირე რაოდენობას ეს სურვილი ექნება 2020 წლისთვის.
_ წამოიწია რევოლუციის თემამ ნაციონალურ მოძრაობაში. ხედავთ საზოგადოებაში რევოლუციურ განწყობებს?
_ ნაციონალური მოძრაობის პრობლემა არის ის, რომ ყველა არჩევნებზე გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში და ააგორებს მოძრაობას, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის, მაგრამ შედეგი სხვაა. მაგალითად, გვახსოვს როდესაც ნაციონალებმა დააანონსეს, რომ საკუთარ ხელში იღებდა მაჩალიკაშვილისა და სარალიძის აქციას, მეორე დღიდანვე აქცია დაიშალა. როდესაც მეორე ტურში გავიდნენ და 800.000 ხმა მიიღეს, ქუჩაში მათი გამოყვანა ვერ შეძლეს. ეს ხომ რეალობაა?
იგივე მოხდება ახლაც. ნაციონალური მოძრაობისგან მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორებას ამ ეტაპზე არ ველოდები. ზოგადადაც საზოგადოებაში იმხელა ნიჰილიზმია არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რომ მათ გაუჭირდებათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ამის ზუსტი ინდიკატორია დავითგარეჯის თემა.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩემი თაობისთვის იყო სწორედ დავითგარეჯის საკითხი. ეს იყო მაშინდელი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. დღეს ფეისბუქსა და სამზარეულოს არ სცდება დავითგარეჯის თემაზე ვიშვიში. ეს ძალიან სერიოზული სიმპტომია იმის, რომ საზოგადოება დღეს არ არის მზად ქუჩაში გამოსასვლელად.
_ ანუ პროტესტმა ქუჩიდან სოციალურ ქსელებსა და სამზარეულოში გადაინაცვლა?
_ ეგ არის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ფსიქოლოგების ძალიან სერიოზული კვლევის საგანი. საზოგადოებას ყოველთვის სჭირდება დაგროვილი უარყოფითი ენერგიის გამოდენა. სანამ არ იყო სოციალური ქსელები, ეს იყო ქუჩა, დღეს კი სოციალური ქსელებით გამოთქვამენ პროტესტს და უშვებენ ბოლს.
_ ალბათ საჭიროა სწორი კამპანიაც. ხომ ვნახეთ ჩვენ სოციალური ქსელებით დაგეგმილი რევოლუციები. ან თუნდაც საქართველოს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, გირჩმა და თეთრი ხმაურის მოძრაობამ რამდენი ხალხი გამოიყვანა ქუჩაში რამდენიმე საათში.
_ ალბათ ბასიანის თემას იხსენებთ. კი, სოციალური ქსელები ერთი მხრივ თუ ბოლის გამოშვების საშუალებაა, მეორე მხრივ საზოგადოების მობილიზების საშუალებაც არის. ყოველ შემთხვევაში ეს ახალი მოცემულობაა, რომელსაც არავინ სწავლობს საქართველოში, არც სპეციალისტები, არც პოლიტიკური პარტიების ლიდერები და შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ – სრულიად აპათიურ საზოგადოებას, რომელიც ქუჩაში გამოდის კი არა და არჩევნებზე არ მიდის. ამიტომაც, ახლო მომავალში არანაირ სოციალურ აფეთქებას არ ველოდები.
ჯერ ერთი, თაობები შეიცვალა და, როგორც ჩანს, ის თაობა, რომელიც მაშინ მზად იყო ქუჩაში გამოსასვლელად, დაიღალა. დავითგარეჯი ამის კარგი ინდიკატორია, თუ მაშინდელ და ახლანდელ რეაქციებს შევხედავთ დავითგარეჯთან მიმართებით. ამიტომაც ოპოზიციას ტაქტიკა სრულად აქვს შესაცვლელი.
_ ამბობთ, რომ ნიკა მელიას განცხადება, რომელიც არჩევნების ღამეს გააკეთა, სწორი იყო და, ამავე დროს, მიიჩნევთ, რომ ოპოზიციას მთელი თავისი ხედვა შესაცვლელი აქვს?
_ უდავოდ, იმიტომ, რომ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს მოტირალის როლიდან. ოპოზიცია მოტირალის როლშია შესული და საკუთარი ტრაგიკული განცდებით ტკბება. 8 თვე ის მაქსიმუმია, როცა ოპოზიციას კიდევ შეუძლია რამის შეცვლა და გარდატეხა. თუ არადა, მერე ინერციით წავა პროცესები და ხელისუფლება კი არ მოიგებს არჩევნებს, არამედ ოპოზიცია წააგებს.
_ სწორი პროცესების დაწყება გადის თუ არა შავგულიძის გამარჯვება-არგამარჯვებაზე?
_ შავგულიძის გამარჯვების შანსები დიდი არ არის. თუ მოხდა ისე, რომ შავგულიძემ გაიმარჯვა, ეს მთავარი მესიჯი იქნება ამომრჩევლისთვის, რომ ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და მაჟორიტარული ოლქებისთვის ბრძოლას აზრი აქვს.
ეს იქნება 2020 წლისთვის გარდამტეხი ფსიქოლოგიური შედეგი, თუმცა შანსები მოკრძალებულია. ხელისუფლებაც კარგად ხედავს, რომ ეს იქნება გზავნილი ამომრჩევლისთვის, რომ ოპოზიციას შეუძლია, ხელისუფლებას წაართვას მაჟორიტარული ოლქები. ამიტომაც, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მთაწმინდაზე გაიმარჯვოს.
_ რაზეა დამოკიდებული, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიციური კანდიდატი?
_ რამდენად შეძლებენ ოპოზიციის ლიდერები დარჩენილ დროში მთაწმინდის ამომრჩევლის დარწმუნებას ამაში, რომ ეს შეიძლება იქცეს შემოტრიალების წერტილად და მთაწმინდის ამომრჩეველმა დანარჩენი საქართველოს ამომრჩეველს დაანახოს, რომ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარის წართმევა შესაძლებელია და უფრო გლობალურად კი საქართველოში არჩევნებს აქვს აზრი.
მასშტაბურად უნდა შეახედონ ამომრჩეველს და არა მხოლოდ შავგულიძისკენ. თუ ამას შეძლებენ, ამომრჩეველი არჩევნებზე მივა. თუ ამომრჩეველი მივა, მაშინ ხელისუფლებაც ვერაფერს გააკეთებს.
სხვა პოლიტიკური სუბიექტების წინაშეც უნდა დააყენონ ეს საკითხი, რომ თუ მათ უნდათ, ხელისუფლების დამარცხების პრეცედენტი შეიქმნას, მაშინ მხარი დაუჭირონ არა შავგულიძეს, არამედ ამომრჩევლის დაბრუნებას არჩევნებზე. ეს უნდა იყოს საერთო ლოზუნგი და არა კონკრეტული სახელისა და გვარის მატარებელი კანდიდატი.
_ სააკაშვილის მხარდაჭერა იქონიებს თუ არა გავლენას დადებითი ან უარყოფითი კუთხით?
_ ნაციონალური მოძრაობის ხმები უდავოდ მნიშვნელოვანია შავგულიძისთვის, მაგრამ, ამავე დროს, შეიძლება სააკაშვილის მხარდაჭერამ სხვა ამომრჩეველი დააკარგვინოს. ამიტომ, ერთხელ მაინც ხომ შეიძლება, გვერდზე გადადოს სააკაშვილმა თავისი ამბიციები და ენმ-მ აფიშირების გარეშე, კარდაკარის პრინციპით იმუშაოს თავის ამომრჩეველთან და გამოიყვანოს ელექტორატი შავგულიძის მხარდასაჭერად.
_ ხელისუფლებამ რა მოიგო ამ არჩევნებით?
_ პირველ რიგში – ფსიქოლოგიური უპირატესობა, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო “ქართული ოცნებიდან” წევრების გადინების შეკავების თვალსაზრისით. მათთვის ეს არჩევნები უნდა გამხდარიყო ნიშანი იმისა, რომ სხვა არც ერთ პარტიას არ აქვს არჩევნების მოგების რეალური შესაძლებლობა. შესაბამისად, რეალური შანსია, რომ “ოცნება” 2020-ში იყოს პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში. და თუ ეს ასეა, მაშინ სადღა უნდა გაიქცეს `ოცნების~ მეამბოხე ნაწილი?!
_ არ ელოდებით, რომ ოპოზიციამ რაღაც შეცვალოს?
_ ოპოზიციამ უნდა შეიცვალოს როლი. მაქვს განცდა, რომ ოპოზიცია საკუთარ პანაშვიდზე იმყოფება. ამ როლიდან, დამტირებლის როლიდან უნდა გამოვიდეს, გაიაზროს, რა სჭირს მას და რეალურ ქმედებებზე უნდა გადავიდეს.
ველოდები, რომ 2-3 პარტია გაჩნდება. არა მსხვილი კალიბრის, მაგრამ გამოჩნდება ახალი პარტიები, რომელიც იმ 50%-სთვის იბრძოლებს, რაც, ენდიაის კვლევის მიხედვით, არც ერთ პარტიაზე არ ნაწილდება. ეს ერთგვარად ოქროს საბადოა ახალი პოლიტიკური ძალებისთვის. ვნახოთ, რამდენად კონკურენტუნარიანი ძალები გამოვლენ ასპარეზზე.
_ ანუ, მაინც კოალიციური მთავრობის მოლოდინი გაქვთ?
_ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ძალიან რთულია. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ მოახერხებს ოპოზიცია, რომ საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ მაჟორიტარულ ოლქებში და ერთმანეთს ხმები არ წაართვან; ვინ გამოვა ოპოზიციურ ფლანგზე ახალი; კიდევ რა შეცდომებს დაუშვებს ხელისუფლება, რომელსაც გამარჯვების ეიფორია აქვს და ეს შეცდომების მაპროვოცირებელია ხოლმე და ა.შ.
_ ჩვენს ისტორიაში არასდროს მომხდარა, როცა ერთ ძალას 2-ზე მეტი ვადით მოეგო არჩევნები. გგონიათ, რომ “ოცნებას” ამის შანსი აქვს?
_ იქით შემოგიბრუნებთ კითხვას: ხვალ რომ არჩევნები იყოს, შუალედური არჩევნებიდან გამომდინარე, რა შედეგს მიიღებდა `ოცნება~? ხომ ისევ მოვიდოდა ხელისუფლებაში?!
_ თუმცა, დამეთანხმებით, რომ განსხვავებული სპეციფიკისაა შუალედური და განსხვავებულია საპარლამენტო არჩევნები.
_ კი, არის განსხვავებული სპეციფიკა. რა თქმა უნდა, 2020-ში `ოცნება~ ვერ შეძლებს ზუსტად იმ შედეგის გამეორებას, რაც ახლა შუალედურ არჩევნებზე დადო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მაქსიმუმის აღებას ეცდება. `ოცნებისთვის~ მთავარია, რომ: 1. ოპოზიცია არ გამოვიდეს მოტირალ-მოწუწუნის როლიდან; 2. არ გაერთიანდეს; 3. და გააგრძელოს ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. და ასე ნანატრი მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენაც ერთი ხელის გაწვდენაზეა. თუმცა, იქამდე წელიწად-ნახევარია და, იმედი ვიქონიოთ, რომ ოპოზიციის ნაწილს მაინც აქვს რეინკარნაციის შანსი და ახალი პოლიტიკური ძალებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან.

 

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: პარტიაში კამათი გვექნება, თუმცა არ უნდა ვიკამათოთ პიროვნებებზე. პიროვნებებზე კამათი არის დესტრუქციული
შემდეგი სტატიამერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე – ომბუდსმენი საქმის მასალებს ითხოვს