ხათუნა ლაგაზიძე – „ხელისუფლება ეძებს იმ ოქროს შუალედს, რომელიც კრიმინალის დონის შემცირებას უზრუნველყოფს”

ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ექსპერტის თქმით, მინისტრთან შეხვედრა იყო გახსნილი და ძირითადად საუბარი ეხებოდა სისხლის სამართლის პოლიტიკის ფორმირებას, რაშიც პარტნიორობის სურვილი გამოითქვა.

„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ერთგავარად უპრეცენდენტო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არც არასამთავრობო სექტორი, მით უმეტეს ექსპერტები მსგავსი ტიპის გახსნილობით და პარტნიორობისთვის მზაობით განებივრებულები არა ვართ. პირდაპირ იყო ხაზგასმა იმასთან დაკავშირებით, რომ იწყება ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის და მიდგომების ფორმირება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით პარტნიორებს ეძებს არასამთავრობო სექტორში, ექსპერტულ წრეებში, პოლიტიკურ პარტიებში, მათ შორის მედიაში. უნდათ, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილდეს, იყოს არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე, არამედ იყოს საზოგადოების აქტიურ ნაწილზეც, ვინც არის მზად აიღოს ეს პასუხისმგებლობა. დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეალურად ორ ცეცხლს შუაა, ერთ მხარეს არის მოთხოვნები მაქსიმალურად ლიბერალური პოლიტიკის და მეორე მხარეს არის მოთხოვნები მკაცრი ხელის – ამას ვერსად გავექცევით. ორივე ეს მოთხოვნა ჩვენი საზოგადოებისგან მოდის.“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

წამყვანის კითხვაზე, ცდილობს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის პოლიტიკის ოქროს შუალედის პოვნას, ექსპერტმა განაცხადა, რომ ამოცანა სწორედ ეს არის, რადგან ცალსახად პოლიტიკის გამკაცრება ასოცირდება „ნულოვან ტოლერანტობასთან“, რაც დაუშვებელია. ლაგაზიძის თქმით, ხელისუფლება უარს ამბობს „ნულოვან ტოლერანტობაზე“ და ეძებს გამოსავალს, როგორ მივიდეს იმ ოქროს შუალედამდე, რომელიც ერთის მხრივ კრიმინალის დონის შემცირებას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი, შედეგი არ იქნება ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე მიღწეული.

„როგორც მათ აღნიშნეს, ამოცანა არის სწორედ ეს, ერთგვარი ოქროს შუალედის პოვნა, იმიტომ რომ როგორც იყო შეხვედრაზე ითქვა – ძალიან მარტივია მკაცრი ხელის გზით სიარული და თუ ამ პოლიტიკას ავირჩევთ, 3 თვის შემდეგ ბუზი ვერ გაფრინდება ქვეყანაში, მაგრამ ეს ნიშნავს როგორც დემოკრატიის დასრულებას, ასევე ამ ხელისუფლების დასრულებას ახლო პერსპექტივაშიო -ძალიან კარგი, რომ ამას ისინი აცნობიერებენ, რომ ზოგადად ხელისუფლებებს არ უნდა ჰქონდეთ საზოგადოების ტერორით ხელისუფლების შენარჩუნების რესურსი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საღი ხედვა. თუ გავიხსენებთ ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში მკაცრი ხელი და ნულოვანი ტოლერანტობა რასთან არის ასოცირებული, აი ეს მძიმე მოგონებები მოდის, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ამისი კომპლექსი და დამეთანხმებით, სრულიად ობიექტურად. იმიტომ რომ ძალიან ძნელია ზღვარის დაცვა მკაცრ ხელსა და ნულოვან ტოლერანტობას შორის. ამიტომაც სჭირდებათ მათ პარტნიორები საზოგადოების სახით, რომ ერთობლივად შემუშავდეს მიდგომები. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი არჩევანი – საით წავალთ, უფრო ლიბერალური პოლიტიკისკენ თუ უფრო მკაცრი პოლიტიკისკენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საზოგადოებამ აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. მე ვფიქრობ ეს საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ლოზუნგებსა და მოწოდებებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებას გვთავაზობენ, პრინციპში, რატომ უნდა იყოს უარზე არასამთავრობო სექტორი ან ექსპერტული საზოგადოება, ჩაერთოს ძალიან აქტიურად ამ პროცესში. ეს ნიშნავს ღიაობასაც, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ტენდენციები იქნება ახალი პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მე დღეს მოვისმინე რეალურად საღი პოზიცია, როდესაც ხელისუფლება ამბობს უარს „ნულოვან ტოლერანტობაზე“, მაგრამ ამავდროულად ეძებს გამოსავალს როგორ გაუმკლავდეს გაზრდილ კრიმინოგენულ ფონს და როგორ მივიდეს იმ ოქროს შუალედამდე, რომელიც ერთის მხრივ კრიმინალის დონის შემცირებას უზრუნველყოფს და მეორეს მხრივ, ეს არ იქნება მიღწეული ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე. თავისთავად საინტერესო შემოთავაზებაა, საინტერესო ნაბიჯია გადმოდგმული საზოგადოებისკენ. ურიგო არ იქნება თუ ამ ხელისუფლების სხვა წევრებსაც ეყოფათ სითამამე მსგავს დიალოგში შევიდნენ, ხშირად მტკივნეულ დიალოგში და არც თუ სასიამოვნო კითხვებზე მოუწიოთ პასუხების გაცემა. ეს მათ არა მხოლოდ პიროვნულ სიმამაცეს გაუსვამს ხაზს, არამედ პროფესიონალიზმს და დიალოგის სურვილს.“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა
შემდეგი სტატიასოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში 23 ბავშვი მოიწამლა