ხათუნა ლაგაზიძე – ეკა ბესელია ან ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ბოლომდე არ იჭრის, ან გარკვეულ კოზირს მომავლისთვის ინახავს

დეპუტატი ეკა ბესელია ან ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ბოლომდე არ იჭრის, ან გარკვეულ კოზირს მომავლისთვის ინახავს, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას პრესკონფერენციის ანონსიდან გამომდინარე, მოლოდინი იყო, რომ განცხადება უნდა ყოფილიყო ძალიან მკვეთრი.

„აქ შეიძლება ორი ვერსია განვიხილოთ, ერთი ის, რომ შესაძლოა, ეკა ბესელიამ ჩათვალა, რომ მისი შუალედური მიზანი მიღწეულია და მოსამართლეთა სიაზე დაიწყო მუშაობა. შესაძლოა, მან არ გახსნა გარკვეული კარტი და შემდეგისთვის შემოინახა, რაც ვფიქრობ საჭირო იქნება, ვინაიდან მიუხედავად პოზიციებისა, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდამჭერმა ფრთამ არ გაიტანოს თავისი კანდიდატები. შეიძლება მან გარკვეული ბერკეტები მომავლისთვის შემოინახა, ან შესაძლოა, მან ყველა გზა არ მოიჭრა ბიძინა ივანიშვილისკენ მიმავალი. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ მოსამართლეების თემაზე, თორემ ის, რომ ბესელიას უნდა დაეტოვებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და მის ირგვლივ პრობლემები იქამდე გაჩნდა, ვიდრე მოსამართლეების საკითხი დაიწყებოდა, ამაზე ჯერ კობახიძემ მიუთითა და მერე ივანიშვილმა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ეკა ბესელია მოსამართლეების თემით ცდილობს საზოგადოების თვალში გარკვეული ქულები ჩაიწეროს.

„ბესელიამ სწორედ ამ საკითხს დაუკავშირა თავისი პოლიტიკური მომავალი. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გააკეთა სკანდალური განცხადება, ეს ორ საკითხს უკავშირდება – ან ის არ იჭრის ბიძინა ივანიშვილამდე მისასვლელ გზებს და მეორე, ის გარკვეულ კოზირს ინახავს, რადგან შუალედურ გამარჯვებას უკვე მიაღწია. ის, რომ მასაც და მთელ საზოგადოებასაც ბერკეტები დასჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული მანიპულაციების დახმარებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მათმა მხარდამჭერმა დეპუტატებმა კვლავ არ გაიტანონ სია, ფაქტია“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება
შემდეგი სტატიაპროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს