ხათუნა გოგორიშვილი – არავინ არსად წასვლას არ აპირებს

ჩემი ინფორმაციით, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას რამდენიმე წევრი ტოვებს.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში პარტიის პოლიტსაბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, გადაწყდება ვინ დარჩება პოლიტსაბჭოში და ვინ არა.

“მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. “ევროპული საქართველოს” წესდების მიხედვით, ვალდებულება გვაქვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავხედოთ, როგორც სტრუქტურულ წყობას ასევე, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას. საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოხდება გადახედვა ვინ იქნება პოლიტსაბჭოში და ვინ არ იქნება, ოღონდ ეს არ არის პერსონებთან დაკავშირებული. ეს დაკავშირებულია იმ შედეგებთან, რაც დაიდო ამა თუ იმ რაიონში და აქედან გამომდინარე, იქნება მიღებული გადაწყვეტილებები ამ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან. ასე იყო ადრეც.

ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის წესებს ვადგენთ ნებისმიერი არჩევნების დროს და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ასევე საპარლამენტო არჩევნევზე დავდეთ კონკრეტული წესი. “ევროპული საქართველო” არის პარტია, რომელიც თავის წესდებას სცემს პირველ რიგში პატივს და ამომრჩეველს სცემს პატივს, იმიტომ, რომ როდესაც ორგანიზაციას აქვს ნდობა მის მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი უნდა იყოს, როცა ნაკლები ნდობა აქვს -სხვანაირი. რაც შეეხება კონკრეტული პერსონების და ლიდერების საკითხს მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით, არავინ არსად წასვლას არ აპირებს. მე ველაპარაკე მათ. კონკრეტულად რა და როგორ, რა ახალი თანამდებობები იქნება ან არ იქნება, რამდენიმე დღეში გვექნება პოლიტსაბჭო და ყველასთვის გახდება ცნობილი”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე – ადრე თუ გვიან, პარლამენტში ვიხილავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მანდატი აქვს მინიჭებული
შემდეგი სტატიამეუფე დოსითეოსი – სინოდის სხდომაზე, ალბათ განიხილება ვაქცინაცია, მორწმუნეებს აინტერესებთ, რა ხდება, რას ფიქრობს ეკლესია