ხათუნა ბურკაძე – აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტით საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ახალი ეტაპი იწყება

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტით საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ახალი ეტაპი იწყება, რაც სტრატეგიულ მოკავშირეობაზე მიანიშნებს, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე მზარდი აგრესიის ფონზე. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისადმი. მეტიც, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე“, – განაცხადა ბურკაძემ.

როგორც ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, ამ ვიზიტმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. მისი თქმით, ამის დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა.

„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, თავდაცვის ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან კიდევ მეტად დაახლოებას და შეკავების პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას, რაც გულისხმობს საფრთხეების თავიდან აცილების შესაძლებლობების განვითარებას. ასევე, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნების მიღწევას. ის მიანიშნებს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ პარტნიორზე მეტია, შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული მოკავშირეა.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტს ჰქონდა არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონალური მნიშვნელობა. საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაგეგმილია ვიზიტები რუმინეთში, უკრაინასა და ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში. საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა სტრატეგიულად დასავლეთისათვის პრიორიტეტული სახელმწიფოა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას პარტნიორების მხარდაჭერითა და რეფორმების განხორციელებით ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ მომავალში“, – განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა