ხაშურში 2 პირის მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი მედია “ქართლის ამბები” იუწყება, პოლიცია ჩხრეკას ინდმეწარმე ნიკოლოზ კილაბერიძის სახლშიც ატარებს.
შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია ინდმეწარმე ნიკოლოზ კილაბერიძე. მოკლულები არიან შპს „ბილტმორის“ წარმომადგენლები.
მკვლელობა ხაშურის ცენტრში, გალაკტიონ ტაბიძის სკვერში მოხდა. შსს-ს განმარტებით, წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
ურთიერთშელაპარაკება „წარსულში არსებული დავის“ გამო დაიწყო; ბრალდებულმა „ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“. – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.















