აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხაშურში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ღონისძიებების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“სამინისტროში რამდენიმე წელია, მოქმედებს აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების პროგრამა, რომლის მიზანი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაა. აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები პირებისთვის”, – განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.