ხაშოგის გაქრობა: ხუთი შეკითხვა, რომელზეც ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის საიდუმლო გაქრობას ყოველდღიურად ახალი ხმები და დეტალები ემატება. 2 ოქტომბერს ხაშოგი, რომელიც ცნობილი იყო საუდის არაბეთის და პირადად, მემკვიდრე პრინცის კრიტიკით, თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში შევიდა და გაქრა. თურქეთი ირწმუნება, რომ ჟურნალისტი მოკლეს და ამისთვის სტამბოლში საუდის სპეცსამსახურების 15 აგენტი ჩავიდა სპეციალურად. საუდის ხელისუფლება მომხდართან კავშირს უარყოფს.

მკვლელობის შესახებ ძირითადი ინფორმაცია მოდის თურქეთის მთავრობისა და მის კონტროლს ქვეშ მყოფი მედიიდან, ასევე, ამერიკული პრესის ანონიმური წყაროებიდან, თუმცა, ამ ინფორმაციებში არა ერთი თეთრი ლაქა და წინააღმდეგობაა.

თურქეთის მთავრობისადმი ლოიალურმა მედიამ Yeni Safak გაავრცელა, რომ თურქეთის ხელისუფლებას აქვს აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მოკვლამდე როგორ აწამებდნენ ხაშოგის.

გამოცემის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ისმის საუდის არაბეთის გენერალური კონსულის მოჰამედ ალ-ოტაიბის ხმა, რომელიც სავარაუდო მკვლელებს მიმართავს: “გააკეთეთ ეს გარეთ. თქვენ მე პრობლემებს მიქმნით”.
მეორე თურქული გამოცემა Middle East Eye წყაროზე დაყრდნობით, რომელმაც ჩანაწერს მოუსმინა, წერს, რომ მკვლელობა 7 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. ამავე დროს, ხაშოგის დანაწევრება ჯერ კიდევ ისე დაიწყეს, რომ ის ცოცხალი იყო – ისტორიას Yeni Safak-ის წყარო ასრულებს.
მაგრამ არც ვიდეო და და არც აუდიო ჩანაწერი არსად გამოქვეყნებულა. თურქეთის მედიაში გავრცელდა რამდენიმე სტოპ-კადრი კამერების ჩანაწერებიდან. ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩანაწერების შინაარსს ეხება, მოდის თურქეთის ხელისუფლებიდან ან მათთან ახლოს მყოფი წყაროებიდან.

New York Times-ის ცნობით, თურქი ჩინოვნიკები გადაკვრით ამბობენ, რომ ისინი მტკიცებულებებს ვერ გამოაქვეყნებენ, რომ “დაზვერვის წყაროები, მათ შორის აგენტურა და ელექტრონული დაზვერვის საშუალებები” არ გათქვან.
თურქული Sabah, ისევ “სანდო წყაროზე დაყრდნობით” წერს, რომ ხაშოგიმ საკუთარ საცოლეს, რომელიც გარეთ იდგა, დაუტოვა საკუთარი iPhone, მაგრამ თან წაიღო Apple Watch-ის “ჭკვიანი საათი” და მასზე ჩამწერი ჩართო. ჯამში, გამოცემის თქმით, ეს ჩანაწერი iCloud-ზე აიტვირთა, საუდელი აგენტებმა, შეამჩნიეს რომ საათი იწერდა ხმას, მაგრამ მხოლოდ მისი ნაწილის განადგურება მოახერხეს. ამავე დროს, თითქოს მათ თითების ანაბეჭდი გამოიყენეს საათზე ბლოკის მოსახსნელად. “ბიბისის” კორესპონდენტი ტექნოლოგიების სფეროში პორი კეხლან-ჯონსი ამბობს, რომ ამ ვერსიაში რამდენიმე არადამაჯერებლობა იკვეთება. პირველი, Apple Watch-ის საათი ანაბეჭდს არ იყენებს, ტელეფონი კი, რომელიც შესაძლებელია ჩართული იყო, შენობის გარეთ ხაშოგის საცოლეს ჰქონდა. მეორე – კეხლან-ჯონსმა საათის და ტელეფონის კავშირის რამდენიმე ვარიანტი განიხილა და დაასკვნა, რომ Apple Watch-ი, რომელიც ხაშოგს ხელზე ეკეთა, ვერ ჩაიწერდა ხმას და მას ვერ გადასცემდა უახლოეს ღრუბელს. კორესპონდენტის თქმით, საათი, სავარაუდოდ, იმ მეთოდების კარგი გასამართლებელია, რომლითაც, თურქეთის მთავრობამ სინამდვილეში მიიღო აუდიოჩანაწერები საკონსულოდან.

ხაშოგის წინააღმდეგობებით სავსე ბიოგრაფია აქვს. ახალგაზრდობაში ის უსამა ბინ ლადენის მეგობარი იყო, 1970-იან წლებში “ძმები-მუსლიმების” წევრი გახდა, შემდეგ მედიის საკითხებში პრინც ტურკი ალ-ფეისალას მრჩეველი გახდა, რომელიც 2000-იან წლებში საუდის არაბეთის ელჩი იყო დიდ ბრიტანეთში, შემდეგ აშშ-ში. მხოლოდ უკანასკნელი წლებში დაიწყო ხაშოგმა სამეფო ოჯახის კრიტიკა. 2017 წელს ის აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც აქტიურად დაიწყო საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ჩატარებისკენ მოწოდებები.
ჯერჯერობით, არ არსებობს პასუხი შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა მხოლოდ პუბლიცისტიკას გამოეწვია მისი მკვლელობა და იყო თუ არა მკვლელობა სავარაუდო მკვლელების გეგმაში.
“სიენენის” წყაროები ამბობენ, რომ დაკითხვის მიზანი იყო ხაშოგის იძულება სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ მისი უარის შემდეგ ის მოკლეს. სამეფოში თვლიდნენ, რომ ჟურნალისტი კატართან იყო კავშირში. ასევე, ტელეარხის ინფორმაციით, 2017 წელსაც მოუწოდეს ხაშოგის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება, მაგრამ მან უარი თქვა.

New York Times-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ხაშოგი დაზვერვის სამსახურის “ზედმეტი მონდომების” გამო მოკვდა, დავალება კი მხოლოდ მისი დაკითხვა და უკან საუდის არაბეთში დაბრუნება იყო. Washington Post-ი, რომელიც რეგულარულად ბეჭდავდა ჟურნალისტს, ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ საუდელმა ჩინოვნიკებმა მემკვიდრე პრინცისგან მუჰამედ ბინ სალმანისგან მიიღეს ბრძანება, რომ ჟურნალისტი როგორმე შეეტყუებინათ საკონსულოში და იქ დაეპატიმრებინათ.

მეორე პუბლიკაციაში Washington Post-ი კიდევ ერთი საუდელი ემიგრანტის მონაყოლს წერს, რომელიც ხაშოგისთან თანამშრომლობდა. მისი თქმით, გაქრობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ხაშოგმა პროექტ “ფუტკრების არმიის”-თვის დაფინანსება იშოვა – ინტერნეტ-აქტივისტების ქსელი, რომლებიც პრო-სამთავრობო ტროლებს შეეწინააღმდეგებოდნენ “ტვიტერში”.
მაგრამ თურქული ვერსია გამორიცხავს დაკითხვის მცდელობის ვერსიას. კერძოდ, კი, გამოცემა Middle East Eye გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ მისი დაკითხვის მცდელობა არ ყოფილა და მას თავს საკონსულოში შესვლისთანავე დაესხნენ.
გარდა ამისა, ვერსიაში “მხოლოდ დაკითხვა” არ ჯდება სტამბოლში საუდის არაბეთიდან ჩამოსული 15 პირი, მათ შორის, სალახ მუჰამედ ალ-ტუბაიკი, რომელიც პროფესიულ წრეებში ცნობილია, როგორც პათოლოგოანატომი საუდის არაბეთის შსს-დან.

ჟურნალისტის საცოლის, თურქეთის მოქალაქე ხატიჯე ჯენგიზის თქმით, ხაშოგი საკონსულოში შევიდა რომ გაყრის შესახებ დოკუმენტები წამოეღო. ეს აუცილებელი იყო მათ შორის საქორწინო ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც მათ მეორე დღისთვის ჰქონდათ დაგეგმილი.
“სიენენის” ინფორმაციით, ხაშოგი საუდის არაბეთის დიპლომატებს აშშ-შიც შეხვდა საკონსულოში. მას მაშინ პრობლემა არ შექმნია. მეორეს მხრივ, ხაშოგი თვლიდა, რომ მისთვის თურქეთის საკონსულოში შესვლა სარისკო იყო და საცოლეს უთხრა, რომ პოლიციისთვის მიემართა, თუკი ის საკონსულოდან რამდენიმე საათში არ გამოვიდოდა.

თურქული მედია წერს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა ყველა საუდელი აგენტის ვინაობა დაადგინეს.
შვიდი მათგანი, Middle East Eye-ს ცნობით, მემკვიდრე პრინცის დაცვაში მუშაობდა. ყველა მათგანის პასპორტის მონაცემები თურქეთის ხელისუფლებამ დასავლეთის მედიას გადასცა. New York Times-ი წერს, რომ 15 საუდელიდან 9 სამეფოს ძალოვანი უწყებების თანამშრომელია. ერთ-ერთი მათგანია მახერ აბდულაზიზ მუტრები – საუდელი დიპლომატი და დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს მიმდინარე წელს თან ახლდა საზრვარგარეთ ვიზიტებისას.
საუდის ტელეარხმა “ალ-არაბიამ” 15-ვე მამაკაცს “ტურისტი” უწოდა.

18 ოქტომბვერს თურქულმა Yeni Safak-მა გაავრცელა, რომ 15-დან ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, საუდის არაბეთის სამხედრო ძალების ლეიტენანტი მეშალ საად ალბოსტანი უცნაურ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
გარდა ამისა, უცნობია, რა იყო 15 აგენტის დანიშნულება. Middle East Eye-ის ინფორმაციით, ხაშოგი ორმა მამაკაცმა კონსულის ოთახიდან გაიყვანა და მეზობელ ოთახში მოკლა, მესამემ კი ის დაანაწევრა. რას აკეთებდა დანარჩენი 12?

სტატია გამოქვეყნდა “ბიბისიზე”

banner
წინა სტატიაშიინდოეთში მატარებელი მოზეიმე ადამიანების ჯგუფში შეიჭრა – ათობით დაღუპულია
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ოც მამაკაცს არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურების გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა