ხარვეზები სოციალური დახმარებების მიმართულებით – აუდიტის კრიტიკულ დასკვნას აფხაზეთის მთავრობაში ეხმაურებიან

აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნას, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება, აფხაზეთის მთავრობაში ეხმაურებიან.

აუდიტის დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც სოციალური დახმარებების გაცემის მიმართულებით არსებულ ხარვეზებზეა საუბარია, ნოდარ ჯალაღონია აცხადებს, რომ ადამიანები, რომელთაც სოციალური დახმარება აიღეს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული სამსახურის უფროსი, დასკვნის იმ ნაწილსაც ეხმაურება, სადაც მივლინების კუთხით არსებულ ხარვეზებზეა საუბარი.

„პიროვნებები, რომლებმაც 2-ჯერ თუ 3-ჯერ აიღეს მატერიალური დახმარება, ესენი იმყოფებიან უკიდურეს გაჭირვებულ მდგომარეობაში. ზოგიერთის სოციალური დახმარების ქულა 1000-ს შეადგენს. რაც შეეხება მივლინების საკითხს, მივლინება განხორციელდა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის საერთაშორისო კონფერენციაზე. აღნიშნული კონფერენცია ითვალისწინებდა გარკვეულ აქტივობებს, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აფხაზეთის თემატიკაზე საუბარი განხორციელებულიყო,“ – განაცხადა ნოდარ ჯალაღონიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული სამსახურის უფროსი უარყოფს ფაქტს, რომ თანამშრომლები სამსახურში არ დადიან. მისი თქმით, 2019 წლიდან თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემა ელექტრონულ ფორმატზე გადავა.

„უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ თანამშრომლები სამსახურში არ დადიან, უბრალოდ, აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა აბსოლუტურად ობიექტური კრიტერიუმების მომცემი. აქედან გამომდინარე, 2019 წლიდან ჩვენს მიერ შემოღებულ იქნა თანამშრომელთა აღრიცხვის ელექტრონული სისტემა,“ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნოდარ ჯალაღონიამ.

აუდიტის სამსახურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და დაადგინა, რომ აფხაზეთის მთავრობას ბიუჯეტის ნაწილში ხარვეზები აქვს, რომელიც კონკრეტულად სოციალური დახმარებების გაცემას ეხება.

ირკვევა, რომ რეგიონის ლეგიტიმური მთავრობა წელიწადში რამდენჯერმე გასცემს სოციალურ დახმარებას ერთსა და იმავე პირებზე, მაშინ როცა მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ათასობით ადამიანს უარს ეუბნება.

banner
წინა სტატიაში100 ათასი ხის მოჭრა და მათი ჩანაცვლება – თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია,,დღეის მდგომარეობით საქართველოში 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია”-გაერთიანებულო ოპოზიცია