რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ნემიშლიანსკის რაიონში მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან პაციენტები, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მიმდებარე საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლები. საავადმყოფოდან 226 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა.
ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ჭურვი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების კორპუსებს შორის არსებულ გადასასვლელს მოხვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საავადმყოფოს შენობებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია ფასადი და ერთ-ერთი განყოფილება. ასევე დაზიანდა კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, ლაბორატორია, 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფანჯრები და 13 ავტომობილი.
თავდასხმის შედეგად ქალაქის ნაწილში დროებით შეჩერდა გათბობისა და ცხელი წყლის მიწოდება.
ხარკოვის მეტროპოლიტენმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ელექტროქსელში ძაბვის არასტაბილურობის გამო შესაძლოა მატარებლების მოძრაობის გრაფიკი შეიცვალოს.


















