უკრაინული მხარის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ ოლქის ტერიტორიის დაბომბვას თავდაპირველად ორი ადამიანი ემსხვერპლა, რასაც შემდგომში განმეორებითი თავდასხმა მოჰყვა, ამჯერად, კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენებით. შედეგად, დაშავდნენ მაშველები და სამართალდამცველები.
როგორც ხარკოვის ოლქის პროკურატურაში აცხადებენ, ადგილობრივი დროით 13:18 საათისთვის დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
„რუსებმა ოთხი მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს სოფელ კრუგლიაკოვკაში, რომელიც კუპიანსკის რაიონში მდებარეობს. ბომბები კერძო სახლებს მოხვდა“, – დაწერა Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის, ხუთი დაშავებულის შესახებ ვრცელდება ცნობები.
როგორც მედიას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განუცხადა, ამის შემდეგ რუსებმა კასეტური საბრძოლო მასალით შეუტიეს კუპიანსკის რაიონს.
„იმ დროს, როცა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობდნენ, მტერმა კვლავ გაისროლა კასეტური საბრძოლო მასალისგან. დაიჭრა სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ორი მაშველი და ხარკოვის ოლქის პოლიციის გამომძიებელი“, – წერს კლიმენკო Telegram-ზე.