ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა მასზე თავდასხმაში ბრალდებული სპეცრაზმელების დაკავებას. ხაბეიშვილის თქმით, მასზე თავდასხმაში პირადად მონაწილეობდა გდდ-ს მაშინდელი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება.
“27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი. მინიმუმ 27 წუთი ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება გრძელდებოდა, ეს რამდენიმე ეტაპიანი იყო. მე მეორე დღეს პარლამენტში განცხადება გავაკეთე და კონკრეტული ადამიანი დავასახელე, ვინც არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც ვიდეოსაც მიღებდა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოვყევი, ეს კაცი რას მთხოვდა და ჩემს წამებას რის სანაცვლოდ შეწყვეტდა.
გეტყვით, რას იღებდა – ჩემს თავზე დამამცირებელი სიტყვები უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და თურმე, მაშინ აღარ დამარტყამდნენ. ალბათ, მერე ამ ვიდეოს ატვირთავდნენ და იტყოდნენ, აი, ნახეთ, თქვენი ჩმორი ხაბეიშვილი როგორ ტირის და წუწუნებსო”. – თქვა ხაბეიშვილმა.















