ხანგრძლივი დებატები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე

დღეს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე.
ვინაიდან განსახილველ საკითხებს შორის გათვალისწინებული იყო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ და ჩასატარებელ ღონისძიებათა შესახებ მსჯელობა, დეპუტატების საერთო გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა.
2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ აფხაზეთის მთავრობის ანგარიში წინასწარ იყო წარმოდგენილი და განხილული უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში; ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იყო პოლიტიკურ, ინსტიტუციურ (რეორგანიზაცია–ოპტიმიზაცია), ქვეყნის ინტერესების მხარდამჭერ და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემატიკის მომცველ საკითხებზე. ვინაიდან დეპუტატები აღნიშნულის შესახებ წინასწარ წარმოდგენილი ანგარიშიდან უკვე ინფორმირებული იყვნენ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ძირითადად ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მისი ნეგატიური სოციალური შედეგების შემცირების მიზნით, მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია. აქტუალური საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის I მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატებმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, რაისა ქარაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, რუდიკ ცატავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნაპო მესხიამ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მთავრობის მიღწევებს, განსაკუთრებით აღნიშნეს კოვიდ–19 დაკავშირებით მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობა; ასევე გამოთქვეს მთელი რიგი კრიტიკული შენიშვნები, დასვეს არა ერთი შეკითხვა.
დეპუტატებმა, მთავრობის წევრებთან შეთანხმებით, გადაწყვიტეს, რომ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების მისაღებად, პლენარულმა სხდომამ მუშაობა გააგრძელოს მომავალ კვირას.
დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ”პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი“ შეიქმნა
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე აშშ-ის საელჩოსა და ელჩს ბოდიშს უხდის