ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონაში განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი ჯერ არ არის. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა სტიქიისგან დაიცვას.

„ღამის განმავლობაში იმ ფრონტებზე, სადაც მოსახლეობასთან შედარებით ახლოსაა ცეცხლი, ტექნიკა განლაგდება იმისთვის, რომ ეს ფრონტები დაიცვას. ამის გარდა, დილით თურქეთიდან 2 ვერტმფრენი დაგვემატება, აზერბაიჯანიდან ერთი ვერტმფრენი და ვფიქრობთ, რომ არსებული ძალებით ცეცხლს გავუმკლავდებით, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ბორჯომში, სოფელ დაბაში ხანძარი გაძლიერდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. მანამდე სამაშველო ოპერაციაში ვარტმფრენები მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, თუმცა ცუდი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში სტიქია ისევ მძვინვარებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ამ მომენტისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს