ხანდახან პაუზა ყველაზე ეფექტურია – ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია დუმის დეპუტატ ვიქტორ ვოდოლაცკის განცხადებაზე

ხანდახან პაუზა ყველაზე ეფექტურია – ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია დუმის დეპუტატ ვიქტორ ვოდოლაცკის განცხადებაზე, რომ რუსეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, “სახალხო რეფერენდუმის” საფუძველზე უნდა მიიღოს.

“ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ანექსიის მცდელობაზე რაიმე სახის გამოხმაურება, “პროვოკაცია” იქნება – “დუმილი კი არა, ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიტიკაში ხანდახან პაუზის დაჭერა მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით, არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური ნაბიჯი” – ამბობს ქადაგიშვილი.

დუმის დეპუტატი კი ამბობს, რომ თუ “სახალხო რეფერენდუმი” გაიმართება და ხალხი რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამს, მაშინ სამართლებრივი პროცედურა დაიწყება.

დუმის დეპუტატმა, დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიერთების პირობა დაასახელა -მან თქვა, რომ რუსეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობამ სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა მიიღოს. მისი თქმით, იგივე ეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც.

“აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყველა სხვა სუვერენულ სახელმწიფოში, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება სურს, ყველა საკითხი ეროვნული რეფერენდუმით წყდება. მხოლოდ აღნიშნული სახელმწიფოს მოსახლეობას აქვს უფლება და არა ლიდერებს, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, თუ ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდება, თუ ხალხი რუსეთთან მიერთების სურვილს გამოხატავს, მაშინ დაიწყება ყველა სამართლებრივი პროცედურა კონსტიტუციური ნორმებისა და უფლებების გასაფორმებლად”, – ამბობს ვოდოლაცკი.

banner
წინა სტატიაშიცესკოში აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაკობახიძე: რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი