“ხალვაშის არგუმენტებს მის წინააღმდეგვე გამოვიყენებთ” – დვალი და აქიმიძე ახალ დავას იწყებენ

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის დასაბრუნებლად ახალ დავას იწყებენ.

ისინი სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის შეტანას გეგმავენ და მათი ადვოკატი კახა კოჟორიძე იქნება.

დვალმა და აქიმიძემ დღეს გეგმების შესახებ პრესკონფერენცია გამართეს, რომლსაც ადვოკატები სოსო ბარათაშვილი და კახა კოჟორიძეც ესწრებოდნენ.

კახა კოჟორიძის განმარტებით, გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებსაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დაეყრდნო.

“როგორც იურისტი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სამართლებრივ საკითხებზე, რაზეც ამ სარჩელთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები, პასუხებს ვიპოვით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში. ეს არის და იქნება ზუსტად ის შემთხვევა, როცა ქიბარ ხალვაშის არგუმენტები გამოყენებული იქნება ზუსტად მის წინააღმდეგ”, – თქვა კოჟორიძემ.

ჯარჯი აქიმიძე აღნიშნავს, რომ მათი ყველა მოქმედება იქნება ღია და საჯარო. ისინი მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ აქტიური მონიტორინგი გაუწიონ მთელ პროცესს.

“რუსთავი 2-ის დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს, სწორედ ამიტომ, მივმართავთ ხელისუფლებას და ქართული ოცნების მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ სამართლებრივ პროცესს, რათა ამჯერად მაინც განხორციელდეს 2012 წელს დეკლარირებული დაპირება, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ.

ასევე, ვარდების რევოლუციის ხელისუფლებას, რომლის მმართველობის დროსაც, 2004 წელს განხორციელდა რუსთავი 2-ის ჩვენთვის იძულებით ჩამორთმევის პროცესი, მოვუწოდებთ, ახლა მაინც აღიარონ ჩვენ მიმართ დაშვებული შეცდომა და ხელი შეუწყონ მედია გარემოს გაჯანსაღებას და დემოკრატიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა აქიმიძემ.

მისივე თქმით, “​რუსთავი 2-ის მიმართ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა ის დაუბრუნდება დამფუძნებლებს”.

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს. 30 ივლისის შეხვედრაზე ხალვაშმა რუსთავი ორის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაც დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არ სურთ. მათ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თქვეს, რომ სჭირდებათ რეალური ბერკეტი და ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის გარანტია.

2017 წელს ქიბარ ხალვაში საჯაროდ ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავას მოიგებდა, ის წილების 50%-ს დვალსა და აქიმიძეს მისცემდა, დავით დვალს კი გენერალურ დირექტორად დანიშნავდა. კითხვაზე, რა შეიცვალა 2017 წლის შემდეგ, ის პასუხობს, რომ “მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი”.

“რატომ გინდათ, თუ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას მივცე?” – კითხულობს ხალვაში.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიანიჭა, მან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

banner
წინა სტატიაში“მსურს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მოიტანს მშვიდობას”
შემდეგი სტატიარომან კაკულია და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (+video)