29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“ხალხმა თანხა წყალში გადაყარა” – თეთრაძე ტუროპერატორების რეგისტრაციის წესის ცვლილებაზე

„კანონმორჩილი ხალხი გამოვიდა მოტყუებული; გამოდის, რომ წინა წელსაც და ახლაც ხალხმა თანხა წყალში გადაყარა“, – ასე ეხმაურება რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი თეთრაძე ტუროპერატორებისთვის გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის ვალდებულებების ამოქმედების გადავადებას.

„კანონის წინა რედაქციით, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან იწყებოდა მონიტორინგი და დაჯარიმება, პირველ ჯერზე 500 ლარი იყო ჯარიმა, მეორეზე – 1 000 ლარი და იზრდებოდა ყოველ მომდევნო ჯერზე. ამის გამო, ხალხი მივიდა და გადაიხადა თანხა რეგისტრაციისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს პირველად არ მომხდარა წელს, შარშანაც იყო ასეთი ვალდებულება, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო კანონი, ხალხმა მაშინაც გაიარა რეგისტრაცია, თუმცა, გადაიდო 2026 წლის ივნისამდე. ვინც მაშინ გაიარა რეგისტრაცია, ტყუილად დარეგისტრირდა, ახლაც იგივე მოხდა – გამოდის, რომ კანონმორჩილი ხალხი დაზარალდა.

წელსაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაიარა ეს რეგისტრაცია, გადაიხადა თანხა, შესაძლოა ეს კატასტროფული თანხა არ არის, მაგრამ ხომ გადავიხადეთ? კანონი 1-ელ ივნისამდე უნდა ამოქმედებულიყო, რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდა, რომ 3 დეპუტატის (არ ვიცი მათი კომპეტენცია ტურიზმში საიდან არის და რამდენად კომპეტენტურები არიან) ინიციატივით პარლამენტმა სასწრაფოდ დაამტკიცა, რომ იგივე პროცედურები ახლა უნდა გავიაროთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, რომელიც შექმნილია, მაგრამ ვერ მუშაობს. რამდენადაც აღმოჩნდა ეს ინიციატივა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიაწოდა ამ დეპუტატებს და მათთან თანამშრომლობით მოხდა ამის გაჟღერება. გამოდის რომ, წინა წელსაც და ახლაც ხალხმა თანხა წყალში გადაყარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბიუჯეტში შევიდა. ეს ყველაფერი არასწორია, ამან გამოიწვია აღშფოთება, რადგან კანონმორჩილი ხალხი გამოვიდა მოტყუებული“, – ამბობს გიორგი თეთრაძე.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ევროპული ტურნე დიდი წარმატებით დასრულდა — ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
შემდეგი სტატიამაკრონი – აშშ-ის და ირანის შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმოფხვრის